ავსტრალიელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალიელები (ინგლ. Australians) — ავსტრალიის კონტინენტის თანამედროვე მოსახლეობა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა. სალაპარაკო ენაზე ავსტრალიელებს ხშირად უწოდებენ „აუსებს“ (ინგლ. „Aussies“). ავსტრალია მულტიკულტურული ქვეყანაა, რომელშიც მრავალი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ ავსტრალიურ კულტურაში ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ავსტრალიელად ითვლება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. 2021 წლის გამოთვლებით ავსტრალიის ამჟამინდელი მოსახლეობა 25,804,000 უნდა იყოს.
ავსტრალიელები | |
---|---|
ავსტრალიური დიასპორის მსოფლიო რუკა | |
საერთო მოსახლეობა | |
25,763,214 | |
ენები |
ავსტრალიური ინგლისური ავსტრალიური აბორიგენული ენები სხვა უმცირესობათა ენები |
რელიგიები |
52% ქრისტიანი (კათოლიციზმი, ანგლიკანიზმი და სხვა მიმდინარეობები) 8% სხვადასხვა არაქრისტიანული რელიგიები 30% ურელიგიო |
1788 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა და ის ძირითადად ბრიტანული და ირლანდიური წარმოშობის იყო, თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში ავსტრალიაში საკმაო რაოდენობის ჩინელი და გერმანელი ჩავიდა.
ბევრი თავდაპირველი დასახლება, რომელიც ბრიტანელებმა ავსტრალიაში დაარსეს, მსჯავრდებულთა კოლონია იყო, რომლებიც ბრიტანეთიდან ავსტრალიაში გამოაგზავნეს, რათა ბრიტანეთი კრიმინალთაგან „დაეცალათ“ და ციხეები არ გადავსებულიყო. ავსტრალიამდე ბრიტანეთი მსჯავრდებულებს ამერიკულ კოლონიებში აგზავნიდა, თუმცა აშშ-ს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ამ ფუნქციის შესრულება ავსტრალიამ დაიწყო.
1850-იან წლებში ავსტრალიაში დაიწყო „თავისუფალი მოსახლეების“ მასიური იმიგრაცია, რაც განპირობებული იყო ავსტრალიის ოქროს ციებ-ცხელებით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში ავსტრალიაში დაიწყო ევროპელთა მასიური გადმოსახლება, ოღონდ ამჯერად მათ რიცხვში მრავალი სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპელი იყო, წინა ათწლეულების იმიგრანტთა ბრიტანულ-ირლანდიურ წარმომავლობასთან შედარებით.
1901-1973 წლებში ავსტრალიაში მოქმედებდა „თეთრი ავსტრალიის პოლიტიკა“, რომელიც არათეთრკანიან და არაევროპელ იმიგრანტებს უკრძალავდა ქვეყანაში დასახლებას, ეს განსაკუთრებით ეხებოდა აზიელებსა და წყნარი ოკეანის კუნძულების აბორიგენ მოსახლეობებს. 1973 წლიდან ეს მიდგომა შეიცვალა და ავსტრალიამ მულტიკულტურალიზმის გეზი აირჩია. ავსტრალიას ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მერვე იმიგრანტთა მოსახლეობა ჰყავს, 2019 წელს მოსახლეობის ოცდაათი პროცენტი იმიგრანტი იყო. XXI საუკუნეში ავსტრალიაში იმიგრანტთა დიდი ტალღამ განაგრძო ჩამოდინება, თუმცა ამ შემთხვევაში, იმიგრანტები ძირითადად აზიელები არიან.
ავსტრალიის მოსახლეობის მცირე ნაწილი ამ კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობაა, რომელიც მოიცავს აბორიგენ ავსტრალიელებს, ტასმანელებსა და ტორესის სრუტის კუნძულელებს.
ავსტრალიური იდენტობისა და ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბება მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ავსტრალიელთა ძირითადი ენა ავსტრალიური ინგლისურია, ავსტრალიური კულტურა და ლიტერატურა კი დაფუძნებულია ანგლო-კელტურ და ზოგადად, დასავლურ-ქრისტიანულ ტრადიციებზე, შესაბამისად, ყველაზე გავრცელებული რელიგია ქრისტიანობაა.