ანტანანარივუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტანანარივუ (მალაგასიური — Antananarivo, გამოითქმის IPA [æntəˌnænəˈɹiːvoʊ] ან [ɑːntəˌnɑːnəˈɹiːvoʊ]) — მადაგასკარის დედაქალაქი და ანტანანარივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ის ასევე ცნობილია მისი ფრანგული სახელით „ტანანარივე“, ან კოლოქვიალური შემოკლებით „ტანა“. ქალაქი კუნძულის შუაგულში მდებარეობს, თუმცა მხოლოდ 145 კილომეტრითაა დაშორებული აღმოსავლეთ სანაპიროდან. ის მადაგასკარის უდიდესი ქალაქია და ამავე დროს მისი ადმინისტრაციული, კულტურული, საკომუნიკაციო და ეკონომიკური ცენტრია. 2013 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2 050 000 ადამიანს შეადგენდა[1]. ქალაქი მდებარეობს კუნძულის მთავარ საზღვაო პორტ ტამატავედან 215 კმ-ში, რომელთანაც ის რკინიგზით არის დაკავშირებული. მთავარი ნაწარმია კვების პროდუქტები, თამბაქო და ტექსტილი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანტანანარივუ Antananarivo Tananarive | |||||
| |||||
ქვეყანა | მადაგასკარი | ||||
პროვინცია | ანტანანარივუს პროვინციაანტანანარივუს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 18°56′00″ ს. გ. 47°31′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1625 წელი | ||||
ფართობი | 88 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1276 მ | ||||
მოსახლეობა | 2 050 000 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 23 295,5 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
ოფიციალური საიტი | antananarivo.mg | ||||
ქალაქი დაფუძნდა დაახლოებით 1625 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ჰოვას მეთაურთა დასახლებას წარმოადგენდა, თუმცა ანტანანარივუმ მნიშვნელობა შეიძინა ამ მეთაურთა მიერ მადაგასკარის უდიდეს ნაწილზე ჰეგემონიის დამყარების შემდეგ და ამ დროისთვის მისმა მოსახლეობამ 80 000 ადამიანი შეადგინა. 1797 წელს ის მერინას მეფეთა სატახტო ქალაქი გახდა. მეფე რადამა I-მა კი ის თითქმის მთელი მადაგასკარის დედაქალაქად აქცია. 1869 წლამდე ყველა შენობა ქალაქის ტერიტორიაზე ხისა და ლერწმისგან იყო დამზადებული, თუმცა მაშინაც კი აქ რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის (40 მეტრამდე სიმაღლის) ხის სასახლე არსებობდა.
ქალაქი იმერინას სამეფოს დედაქალაქი იყო 1710 წლამდე, სანამ იმერინა ოთხ ნაწილად გაიყოფოდა. ანტანანარივუ კუნძულის სამხრეთ ნაწილის დედაქალაქად მიიჩნეოდა 1794 წლამდე, როდესაც ანდრიანამპუანიმერინამ დაიპყრო ეს ტერიტორიები და სწორედ მან მოაქცია ერთიანი მმართველობის ქვეშ სხვადასხვა ეთნიკური ტომები. ეს დაპყრობები გაგრძელდა მისი ვაჟის, რადამა I დიდის მიერ, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებდა კუნძულის ორ მესამედს, ამიტომაც ევროპელი დიპლომატები მას მადაგასკარის მეფედ თვლიდნენ. ანტანანარივუ კუნძულის დედაქალაქად დარჩა მას შემდეგ, რაც მადაგასკარი ფრანგმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს. ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ 1960 წელს ანტანანარივუ კვლავ ქვეყნის დედაქალაქად რჩება.