გარეული მტრედი
From Wikipedia, the free encyclopedia
გარეული მტრედი[1] ან ვეჟანი მტრედი[2] (ლათ. Columba livia) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. საკმაოდ მსხვილი მტრედია. მისი სხეულის სიგრძეა 29–36 სმ, ფრთის შლილი 50–67 სმ, ხოლო მასა 265–380 გ.[3] შეფერილია ღია ნაცრისფრად. თავი, კისერი და მკერდი ვეჟანი აქვს, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო-მოყვითალო ლითონისებრი ბზინვარება. ფრთებზე გასდევს მუქი ზოლები. წააგავს ქედანსა და გვიძინს. ფრთები ფართო და წამახვილებულია, კუდი მომრგვალებული, რომლის ბოლო მუქია, დანარჩენი ღია. ფეხები შეფერილია ვარდისფერიდან მონაცრისფრო-შავამდე, ზოგიერთ ინდივიდს ისინი შებუმბლული აქვს.[4] საერთოდ, განსხვავდება ქალაქისა და სოფლის და ველურ ბუნებაში მცხოვრები გარეული მტრედების შეფერილობანი. ნისკარტი ფიქალისფერი-შავი აქვს, რომლის ძირზე ამოზრდილია ცვილიანა. სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებს. ახალგაზრდა, 6–8 თვემდე ინდივიდები მოწითალო-მონაცრისფრო ფერისანი არიან.[4] გადაადგილდება მიწაზეც და ცაშიც, შეუძლია ხეებზე გაჩერებაც. ფრენისას ავითარებს 185 კმ/სთ სიჩქარეს.[5] გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც, ფრაგმენტულად მცირე, ცენტრალურ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ავსტრალიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ (მცირედ) ამერიკებში. ბინადრობს მინდვრებში, კლდოვან და ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. დაწყვილებას იწყებენ გაზაფხულის დასაწყისში.[6] წელიწადში ბუდობენ 7–8-ჯერ. დედალი დებს 2 (იშვიათად 1) კვერცხს ორი დღე-ღამის ინტერვალით. ისინი თეთრია, ნაჭუჭი — გლუვი და ბრჭყვიალა, ზომებით 35×25-დან 43×32 სმ-მდე.[7] ორივე მშობელი რიგრიგობით კრუხობს, მაგრამ დედალი უფრო მეტ დროს ატარებს ბუდეში. ინკუბაცია გრძელდება 16–19 დღე-ღამე.[8][9] თავდაპირველად ბარტყებს ჩიჩახვიდან ამოღებული საკვებით, ე. წ. „ჩიტის რძით“ კვებავს. შემდეგ მათ რაციონში ემატება მცენარეთა თესლები. ისინი ფრენას 35–37 დღეში სწავლობენ.[8][9] ზრდასრულობას 5–7 თვეში აღწევენ. გარეული მტრედი იკვებება თესლებით, კენკრითა და ნაყოფებით. მისი ბუნებრივი მტრები არიან: შავარდენი, ალალი, მთის არწივი, ჩვეულებრივი და ბეღურასებრი კირკიტა, მიმინო, ოლოლი, ვირჯინიული ზარნაშო, კატა, ოპოსუმი, ენოტი, მელა და სხვ.
გარეული მტრედი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Columba livia (Gmelin, 1789) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22690066 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
თავდაპირველი არეალი
გაფართოების არეალი | |||||||||||||||
|