გენეალოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
გენეალოგია — დამხმარე საისტორიო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საგვარეულოთა ისტორიას და ცალკეული პირების, ოჯახების წარმომავლობას და ნათესაურ კავშირებს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა, დამხმარე ისტორიულ დარგებთან, კერძოდ, ჰერალდიკასთან, ეპიგრაფიკასთან, ქრონოლოგიასთან, სფრაგისტიკასთან და ა.შ.
მეფეების, მმართველების, მითური გმირების საგვარეულო ნუსხები ჯერ კიდევ ძველ დროში არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა გენეალოგიამ შეიძინა შუა საუკუნეებში, როდესაც წოდებათა პრივილეგიები ყალიბდებოდა. XV საუკუნიდან გაჩნდა საგანგებო გენეალოგიური ცნობარები (გენეალოგიური ხის ან ნუსხის სახით), რომელშიც შეტანილი იყვნენ გვარის ყველა ძირითადი და გვერდითი შტოს წარმომადგენლები, აღნიშნული იყო მათი საქორწინო კავშირები.
პირველი ქართული ორიგინალური თხზულება, სადაც საგვარეულო ნუსხაა მოცემული, არის სუმბატ დავითის ძის (XIX ს.) ნაშრომი „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“. XIX საუკუნის დასაწყისში იოანე ბატონიშვილმა შეადგინა ვრცელი გენეალოგიური ნაშრომი ქართლ-კახეთის სამეფოს 62 სათავადო და 200-ზე მეტი სააზნაურო სახლის შესახებ.
XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეფის მთავრობამ შემოიღო საქართველოს არისტოკრატიულ საგვარეულოთათვის სათავადო და სააზნაურო ხარისხის დამტკიცება, ცალკეულმა საგვარეულოებმა გენეალოგიური ნუსხები შეადგინეს და სხვა საბუთებთან ერთად შეიტანეს დასამტკიცებლად მთავრობის ორგანოებში.