ლენარდ ბერნსტაინი
ამერიკელი დირიჟორი, კომპოზიტორი, ავტორი, მუსიკის ლექტორი და პიანისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლენარდ ბერნსტაინი (ინგლ. Leonard Bernstein [ˈlɛnərd ˈbɜːrnstaɪn];[1] დ. 25 აგვისტო, 1918, ლორენსი, მასაჩუსეტსი ― გ. 14 ოქტომბერი, 1990, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი, მუსიკის ლექტორი და პიანისტი. ერთ-ერთი პირველი ამერიკაში დაბადებული და განათლებამიღებული დირიჟორი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მოხსენიებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და წარმატებული მუსიკოსი ამერიკის ისტორიაში“.[2]
ლენარდ ბერნსტაინი | |
---|---|
ლენარდ ბერნსტაინი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | Leonard Bernstein |
დაბ. თარიღი | 25 აგვისტო, 1918 |
დაბ. ადგილი | ლორენსი, მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1990 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
დასაფლავებულია | გრინ-ვუდის სასაფლაო |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი, ლექტორი, პიანისტი |
აქტიური | 1940-1990 |
ხელმოწერა | |
საიტი | leonardbernstein.com |
ლენარდ ბერნსტაინი ვიკისაწყობში |
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტზე ხანგრძლივი მუშაობისას და კონცერტების დირიჟორობით მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. აგრეთვე, მიუზიკლებით „ვესტ-საიდის ისტორია“, „პიტერ პენი“, „საოცარი ქალაქი“ და სხვები,[3] ოპერეტით „კანდიდი“, მუსიკით ფილმისთვის On the Waterfront, აგრეთვე, მესით და სხვა კომპოზიციებით, რომელთა შორისაც არის სამი სიმფონია და მრავალი კამერული და სოლო ნაწარმოები.
ბერნსტაინი იყო პირველი დირიჟორი, რომელმაც ჩაატარა სატელევიზიო ლექციების სერია კლასიკური მუსიკის შესახებ. ეს 1954 წელს დაიწყო და მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. იყო კარგი პიანისტი[4] და საფორტეპიანო კონცერტებს ხშირად როიალიდან დირიჟორობდა. გადამწყვეტი როლი ითამაშა გუსტავ მალერის მუსიკის თანამედროვე გაცოცხლებაში, რომლითაც ყველაზე მხურვალედ იყო დაინტერესებული.[5]
როგორც კომპოზიტორი, მუშაობდა არაერთ სტილში, რომელთა შორისაცაა სიმფონიური და საორკესტრო მუსიკა, ბალეტი, მუსიკა კინოსა და თეატრისათვის, საგუნდო ნამუშევრები, ოპერა, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო პიესები. მისი ბევრი ნაწარმოები რეგულარულად სრულდება მსოფლიოს გარშემო, თუმცა, არცერთ მათგანს „ვესტ-საიდის ისტორიის“ მსგავსი კოლოსალური წარმატება არ მოჰყოლია.