მემარცხენე ლიბერტარიანიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მემარცხენე ლიბერტარიანიზმი,[1][2][3][4][5] აგრეთვე ცნობილი როგორც ეგალიტარული ლიბერტარიანიზმი,[6][7] მემარცხენე-ფრთის ლიბერტარიანიზმი[8] ან სოციალური ლიბერტარიანიზმი[9] — პოლიტიკური ფილოსოფია და ლიბერტარიანიზმის მიმდინარეობა, რომელიც ხაზს უსვამს როგორც ინდივიდუალურ თავისუფლებას, ისე სოციალურ თანასწორობას. მემარცხენე ლიბერტარიანიზმი წარმოადგენს პოლიტიკური და სოციალური თეორიის მიმართ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ, მაგრამ განსხვავებულ მიდგომას. კლასიკური გამოყენებით, იგი მოიცავს მემარცხენეობის ანტიავტორიტარულ ფორმებს, როგორიცაა ანარქიზმი, განსაკუთრებით სოციალური ანარქიზმი,[10] რომლის მიმდევრებიც მას უბრალოდ ლიბერტარიანიზმს უწოდებენ.[11] ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი წარმოადგენს ლიბერტარიანული მოძრაობის მემარცხენე ფრთას[10] და აკადემიურ ფილოსოფოსებთან ჰილელ შტაინერთან, ფილიპ ვან პარიასთან და პიტერ ვალენტინთან ასოცირებულ პოლიტიკურ პოზიციებს, რომელიც აერთიანებს თვითმფლობელობას ბუნებრივი რესურსებთან ეგალიტარულ/თანასწორუფლებიან მიდგომასთან.[10][12] ეს კეთდება იმისათვის, რათა განასხვავონ ლიბერტარიანული შეხედულებები საკუთრებისა და კაპიტალის ბუნების შესახებ ჩვეულებრივ მემარცხენე-მემარჯვენე ან სოციალისტურ-კაპიტალისტური შეხედულებებისგან.[13]
სოციალისტური მემარცხენე ლიბერტარიანელები ეწინააღმდეგებიან კაპიტალიზმს და წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას.[14][15][16][17] სხვა მემარცხენე ლიბერტარიანელები სკეპტიკურად უყურებენ ან სრულად ეწინააღმდეგებიან ბუნებრივი რესურსებზე კერძო საკუთრებას, მემარჯვენე-ლიბერტარიანებისგან განსხვავებით ამტკიცებენ, რომ არც პრეტენზია და არც ბუნებრივ რესურსებთან საკუთარი შრომის შერევა არაა საკმარისი კერძო საკუთრების სრული უფლების მოსაპოვებლად და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება უნდა მოხდეს თანასწორუფლებიანი/ეგალიტარული ფორმით, საკუთრების გარეშე ან კოლექტიური საკუთრებაში.[18] ის მემარცხენე ლიბერტარიანელები, რომლებსაც უფრო ზომიერი მიდგომა აქვთ კერძო საკუთრების ინსტიტუტთან, მხარს უჭერენ საკუთრების სხვადასხვა ნორმებსა და თეორიებს, როგორიცაა მაგალითად უზუფრუქტი,[19] ან პირობას, რომ ადგილობრივ ან თუნდაც გლობალურ საზოგადოებას შესთავაზონ კომპენსაცია, ასეთია მაგალითად შტაინერ-ვალენტინის სკოლა.[20][21]
ბაზარზე ორიენტირებული მემარცხენე-ლიბერტარიანიზმი, მათ შორის პიერ-იოზეფ პრუდონის მუტუალიზმი და სამუელ კონკინ III-ის აგორიზმი, მიემართება მემარცხენეობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სოციალური კლასი, ეგალიტარიანიზმი, ინვაირონმენტალიზმი, გენდერი, იმიგრაცია და სექსუალური იდენტობა თავისუფალი ბაზრის ანტიკაპიტალიზმის პარადიგმაში.[10][22] მიუხედავად იმისა, რომ ლიბერტარიანიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში ასოცირებული გახდა კლასიკურ ლიბერალიზმთან და მინარქიზმთან, ხოლო მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი უფრო ცნობილია, ვიდრე მემარცხენე ლიბერტარიანიზმი,[5] ამ ტერმინის პოლიტიკური გამოყენება თავდაპირველად ასოცირდებოდა მხოლოდ ანტიკაპიტალიზმთან, ლიბერტარიანულ სოციალიზმთან და სოციალურ ანარქიზმთან და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მსგავსი ასოციაციები კვლავ დომინირებს.[10][23]