სოფლის მეურნეობა ბანგლადეშში
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგლადეშის სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2%-ს შეადგენს (2017). ამ სექტორში სამუშაო ძალის 42.7%-ია დასაქმებული.[1] მოსახლეობის უმრავლესობა საარსებო საშუალებებს სოფლის მეურნეობიდან იღებს. ხშირად არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიუხედავად, მრავალი ფაქტორის გავლენით ბანგლადეშის ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება.[2] სექტორის განვითარებას წყალდიდობების კონტროლი და ირიგაციის გაუმჯობესება, უფრო ეფექტური პესტიციდების გამოყენება, უკეთესი განაწილებისა და სასოფლო საკრედიტო ქსელის შექმნა უწყობს ხელს.[2]
მთავარი კულტურები ბრინჯი და ჯუთეა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმინდსა და ბოსტნეულს.[2] ირიგაციის ქსელის გავრცელების შედეგად ხორბლის ზოგიერთი მწარმოებელი სიმინდის კულტივაციაზე გადავიდა, რომელიც მეტწილად შინაური ფრინველების საკვებად გამოიყენება.[2] ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩაი მოჰყავთ. ბანგლადეშის ნაყოფიერი ნიადაგისა და წყლის ნორმალური მიწოდების წყალობით ქვეყნის ბევრ რეგიონში წელიწადში ბრინჯის სამჯერ მოყვანაა შესაძლებელი. ქვეყანა ბრინჯის(მე-3), კარტოფილის (მე-7), ტროპიკული ხილის (მე-6), ჯუთეს (მე-2), და ფერმებში დაჭერილი თევზების (მე-5) უმსხვილეს მწარმოებლებს შორისაა.[3]
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სურსათის დეფიციტს განაპირობებს, განსაკუთრებით დეფიციტურია ხორბალი. პრობლემის აღმოფხვრას უცხოური მხარდაჭერა და კომერციული იმპორტი უწყობს ხელს. სერიოზული პრობლემაა მოსახლეობის მხოლოდ მცირე ხნით დასაქმებაც. სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორისაა: ინსექტიციდები, წყლის მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევები, დაბინძურება და მიწის დეგრადაცია. ბანგლადეში განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. ამინდისა და ტემპერატურის ცვლილება მნიშვნელოვნად ცვლის საკვების მოყვანის პირობებს. სოფლის მეურნეობის გლობალურ დათბობასთან ადაპტაცია ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.