ხაენის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაენის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 97 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ხაენის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: კამპინია-დე-ხაენი, ხაენი, ლა-ლომა, ლას-ვილიასი, სიერა-მახინა, სიერა-მორენა, სიერა-სური, სიერა-დე-კასორლა, სიერა-დე-სეგურა, ელ-კონდადო-დე-ხაენი.
ხაენის პროვინციის ფართობია 13 496 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 633 564 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ხაენი, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ანდუხარი (964,9 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ხამილენა (8,99 კმ²) [4].