Dungeons & Dragons
From Wikipedia, the free encyclopedia
Dungeons & Dragons (აბრევიატურა D&D ან DnD[1], ქართ. „დილეგები[2] & დრაკონები“) — ფენტეზი სამაგიდო როლური თამაში (RPG), რომელიც გერი გეიგექსმა და დეივ არნსონმა შექმნეს. პირველად ის გამოიცა 1974 წელს Tactical Studies Rules, Inc.-ის (TSR) მიერ. 1997 წლიდან თამაშს გამოსცემს კომპანია Wizards of the Coast (რომელიც ამჟამად Hasbro-ს შვილეული კომპანიაა). „დილეგები & დრაკონები“ მინიატურული სამხედრო თამაშებისგან წარმოიშვა, წესების საწყისი სისტემის როლს კი თამაშ Chainmail-ის ვარიაცია წარმოადგენდა.[3] D&D-ს გამოცემა თანამედროვე როლური თამაშებისა და როლური თამაშების ინდუსტრიის დასაწყისად მიიჩნევა.[4]
D&D ტრადიციული სამხედრო თამაშებისგან მომდინარეობს, მაგრამ ის თითოეულ მოთამაშეს შეიარაღებული ძალების ფორმაციის ნაცვლად საკუთარი პერსონაჟის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ეს პერსონაჟები წარმოსახვით თავგადასავლებში ეხვევიან ფენტეზი ნარატივის ფონზე. ე.წ. Dungeon Master (DM) თამაშის მსაჯისა და მთხრობელის როლს ასრულებს, ინარჩუნებს იმ ნარატივს, რომელშიც მიმდინარეობს მოვლენები და ამ ნარატივის გარემოს მოსახლეებს განასახიერებს. პერსონაჟები ქმნიან ჯგუფს, რომელიც ურთიერთქმედებს როგორც მოქმედების გარემოს მოსახლეებთან, ისე ჯგუფის შიგნით პერსონაჟებთან. ერთად ისინი ჭრიან დილემებს, იწყებენ ბრძოლებს, აგროვებენ განძსა და ცოდნას.[4] გზადაგზა პერსონაჟები იღებენ გამოცდილების ქულებს, რათა სესიათა მთელი წყების განმავლობაში გადავიდნენ შემდეგ დონე(ებ)ზე და უფრო ძლიერები გახდნენ.
Dungeons & Dragons-ის ადრეულმა წარმატებამ თამაშთა მსგავსი სისტემების სწრაფი გამრავლება გამოიწვია. კონკურენციის მიუხედავად, D&D ბაზრის ლიდერად რჩებოდა როლური თამაშების ინდუსტრიაში.[5] 1977 წელს თამაში ორ ნაწილად გაიყო: შედარებით მარტივი წესების მქონე თამაშის სისტემა გამარტივებული Dungeons & Dragons და უფრო სტრუქტურული, კომპლექსური წესების მქონე Advanced Dungeons & Dragons (აბრევიატურა AD&D).[6][1][7] AD&D-ის მე-2 გამოცემა გამოქვეყნდა 1989 წელს. 2000 წელს გამოვიდა ახალი სისტემა, Dungeons & Dragons-ის მესამე გამოცემა; განახლებული, 3.5 ვერსია გამოვიდა 2003 წლის ივნისში. ახალი წესებით შეიქმნა d20 სისტემის ბაზისი, რაც Open Game License-ითაა (OGL) ხელმისაწვდომი სხვა გამომცემლებისთვის. D&D-ის მეოთხე გამოცემა 2008 წელს გამოვიდა.[8][9] მე-5, ყველაზე ბოლო, გამოცემა კი 2014 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა.[10]
2004 წლისთვის Dungeons & Dragons ჯერ კიდევ ყველაზე ცნობადი[11] და გაყიდვადი[12] როლური თამაში იყო. ამ დროისთვის Dungeons & Dragons 20 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნათამაშები, წიგნებისა და აღჭურვილობების გაყიდვებმა კი 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.[13]