მესხეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
მესხეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდება. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24) მოიხსენიება ეს ტერიტორია „მოსხიკეს“ სახელწოდებით (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები „მესხეთს“ არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.
მესხეთი | |
---|---|
ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში. | |
კუთხის ცენტრი | ახალციხე |
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
ახლანდელი სამცხე-ჯავახეთი საქართველოს თანამედროვე საზღვრებში | |
ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები — მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.
მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:
- „მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა...“ – მოსე ჯანაშვილი.
- „იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა“ – ვაჟა-ფშაველა.
- „აქ ოდითგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა ...“ – ვახუშტი ბაგრატიონი.
- „მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის“ – მოსე ჯანაშვილი.
ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათას კვ. კმ-ია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვ.კმ საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.