არნოლდ შონბერგი
ავსტრიელ-ამერიკელი კომპოზიტორი (1874-1951) / From Wikipedia, the free encyclopedia
არნოლდ შონბერგი[2] (გერმ. Arnold Schoenberg ან Schönberg (ინგლისური წარმოთქმა: [ˈʃɜːrnbɜːrɡ], ინგლისური წარმოთქმა: [ˈʃoʊn-] (აშშ); ასევე, შენბერგი გერმანული წარმოთქმა: [ˈʃøːnbɛɐ̯k]; დ. 13 სექტემბერი, 1874 — გ. 13 ივლისი, 1951) — ავსტრიაში დაბადებული კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი და ფერმწერი. დაკავშირებული იყო გერმანულ პოეზიასა და ხელოვნებაში არსებულ ექსპრესიონისტულ მოძრაობასთან და იყო ვენის მეორე სკოლის ლიდერი. ნაცისტური პარტიის აღზევების კვალდაკვალ შონბერგის მოდერნისტული და ატონალური მუსიკა მიჩნეული იქნა დეგრადირებულ მუსიკად (გერმ. Entartete Musik). 1934 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 1941 წელს ამერიკის მოქალაქეც გახდა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „არნოლდ შონბერგი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. არნოლდ შონბერგი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
არნოლდ შონბერგი | |
---|---|
არნოლდ შონბერგი ლოს-ანჯელესში, 1948 | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1874 |
დაბ. ადგილი | ვენა |
გარდ. თარიღი | 13 ივლისი, 1951 (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | გვიანი რომანტიზმი, ექსპრესიონიზმი, მოდერნიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკის თეორეტიკოსი, მწერალი, მხატვარი |
აქტიური | 1894-1951 |
საიტი | schoenberg.org[1] |
არნოლდ შონბერგი ვიკისაწყობში |
შონბერგის მიდგომამ ჰარმონიასა და მასალის განვითარებასთან ძლიერი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მუსიკალურ აზროვნებაზე. სულ მცირე სამი თაობის ევროპელი და ამერიკელი კომპოზიტორების დიდი ნაწილი შეგნებულად ავითარებდა მის ნააზრევს, ხოლო სხვები მძაფრად რეაგირებდნენ მის წინააღმდეგ.
თავის ადრეულ კარიერაში აფართოებდა გერმანული რომანტიზმის ორ, ჩვეულებრივ საპირისპიროდ მიჩნეულ, ბრამსის და ვაგნერის სტილებს. მოგვიანებით, მისი სახელი დაუკავშირდა ინოვაციებს ატონალობაში (თუმცა, თავად ეს ტერმინი ეზიზღებოდა), რომელიც ყველაზე დიდი პოლემიკის საგანი გახდა XX საუკუნის აკადემიურ მუსიკაში. 1920-იან წლებში განავითარა თორმეტტონიანი (დოდეკაფონიური) ტექნიკა – კომპოზიციის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს ქრომატიული გამის თორმეტივე საფეხურისგან შედგენილი ფიქსირებული სერიების მანიპულაციას. ასევე, შემოიღო ტერმინი „განვითარებადი ვარიაცია“ და იყო პირველი თანამედროვე კომპოზიტორი, რომელმაც დაიწყო მოტივების განვითარების ისეთი გზების გამოყენება, რომლებიც არ იყო დამოკიდებული ცენტრალურ, დომინანტურ მელოდიურ იდეაზე.
შონბერგი, ასევე, იყო კომპოზიციის გავლენიანი პედაგოგი. მის მოსწავლეებს შორის იყვნენ ალბან ბერგი, ანტონ ვებერნი, ჰანს აისლერი; მოგვიანებით, ჯონ კეიჯი, ლუ ჰარისონი, ერლ კიმი და სხვა ცნობილი მუსიკოსები. მისმა ბევრმა პრაქტიკამ, მათ შორის, კომპოზიციის მეთოდების ფორმალიზებამ, ასევე, აუდიტორიის ჩართვამ ანალიტიკურ აზროვნებაში, გამოძახილი ჰპოვა მთელი XX საუკუნის ავანგარდულ მუსიკალურ აზროვნებაში. მისი ბევრი სადავო შეხედულება მუსიკის ისტორიასა და ესთეტიკაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა XX საუკუნის ბევრი მუსიკოლოგის და კრიტიკოსისთვის, რომელთა შორისაც არიან თეოდორ ადორნო, ჩარლზ როზენი და კარლ დალჰაუსი, ასევე პიანისტები არტურ შნაბელი, ედუარდ შტოიერმანი და გლენ გულდი.
შონბერგის საარქივო მემკვიდრეობა დაცულია არნოლდ შონბერგის ცენტრში, ვენაში.