ასტრონომია
From Wikipedia, the free encyclopedia
ასტრონომია (ბერძ. αστρονομία; άστρον „ასტრონ“ — მნათობი და νόμος „ნომოს“ — კანონი) — საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ცის მნათობებს: მზეს, მთვარეს, ცთომილებსა და მათ თანამგზავრებს, კომეტებსა და მათ მეტეორულ სხეულებს, ვარსკვლავებს, ნისლეულებს, ვარსკვლავთა სისტემებსა და ნივთიერებას, რომელიც ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეებსა და ცის სხვა ობიექტებს, მათ მდებარეობასა და მოძრაობას კოსმოსურ სივრცეში, ფორმასა და აგებულებას, ფიზიკურ თვისებებსა და ქიმიურ შემადგენლობას, მათ წარმოშობასა და განვითარებას. ასტრონომია შეისწავლის დედამიწასაც, როგორც ერთიან მთლიან ციურ სხეულს, წარმოშობით, აგებულებითა და მოძრაობით ცის სხვა სხეულებთან დაკავშირებულს. იგი იკვლევს იმ ზემოქმედებებს, რომლებსაც ცის სხეულები (უფრო მეტად, მზე) დედამიწაზე და მის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე ახდენენ.