აფხაზები
From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზები (აფხ. аԥсуаа [aphsuaa]) — ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ცხოვრობს აფხაზეთის რეგიონში, საქართველოში. საუბრობენ აფხაზურ ენაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური ენების ჯგუფს მიეკუთვნება. 1989 წლის აღწერით საქართველოში 95,9 ათასი აფხაზი ცხოვრობდა, აფხაზეთის ასსრ-ში — 93,3 ათასი, მთლიანად საბჭოთა კავშირში კი 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით „რესპუბლიკაში“ 94,5 ათასი აფხაზი ცხოვრობს[10]. გარდა აფხაზეთისა მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს საქართველოს გარეთაც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (თურქეთი, სირია, იორდანია), ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიასპორაში ერთ ხალხად აღიქმებიან როგორც საკუთრივ აფხაზები, ისე ჩრდილოეთკავკასიელი აბაზების შთამომავლები; მათი საერთო რაოდენობა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში 400 ათასამდე აღწევს (ეს ციფრი პირობითია, ზუსტი ოფიციალური რაოდენობა არ არსებობს)[11].
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აფხაზები“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აფხაზები ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
აფხაზები Аԥсуаа | |
---|---|
აფხაზი და ქართველი გენერლები, XIX საუკუნე | |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 150 000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
საქართველო | 98 133 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. | 94 606[1] |
აფხაზეთის გარეთ | 3 527[2] |
თურქეთი |
39 000 500 000[3][4] [5][6] |
რუსეთი | 11 366[7] |
სირია | 5 000[6] |
გერმანია | 5 000[6] |
უკრაინა | 1 458[8] |
ენები | აფხაზური, ქართული, რუსული, თურქული |
რელიგიები | ქართული მართლმადიდებლობა, სუნიზმი[9] |
აფხაზები ეთნიკურად ენათესავებიან ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის ადიღებსა და უბიხებს. გარდა ამისა, აფხაზებს კულტურულ და საყოფაცხოვრებო თავისებურებებში მეტი საერთო აქვთ ქართველებთან. მათთან საუკუნეთა განმავლობაში ერთობლივმა თანაცხოვრებამ და მჭიდრო ურთიერთობამ გავლენა იქონია როგორც ენაზე, ასევე აფხაზთა ანთროპოლოგიაზეც[11].
შუა საუკუნეებში ტერმინი „აფხაზები“ გამოიყენებოდა მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის აღსანიშნავად, ხოლო შემდეგომ ტერმინი დავიწროვდა და ამჟამად გამოიყენება მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური წარმოშობის ეთნიკური ჯგუფის აღსანიშნავად, რომელიც დასახლდა აფხაზეთში.