გორის ციხე
From Wikipedia, the free encyclopedia
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე.
საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ. 1950-იან წლებში ის ნაწილობრივ აღადგინეს, შემდგომ კი პერიოდულად ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები. გორის ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას XI–XII საუკუნეების დარბაზული ეკლესია.