დომიციანე
From Wikipedia, the free encyclopedia
დომიციანე (ლათ. Titus Flavius Caesar Domitianus Augustus; ტიტუს ფლავიუს კეისარი დომიციანუს ავგუსტუსი;[1] დ. 24 ოქტომბერი, 51 — გ. 18 სექტემბერი, 96) — რომის იმპერატორი 81-96 წლებში. ფლავიუსების დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. დომიციანემ თავისი ახალგაზრდობა და ადრეული კარიერა ძმის, ტიტუსის ჩრდილქვეშ გაატარა, რომელმაც სამხედრო სახელი იუდეველთა პირველი ომის დროს მოიპოვა. ასეთი მდგომარეობა მამამისის, ვესპასიანეს, მმართველობის დროსაც გაგრძელდა, რომელიც იმპერატორი ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომის შემდეგ, 69 წელს გახდა. სანამ ტიტუსმა მრავალი თანამდებობა გამოიცვალა, დომიციანემ მართალია პატივი მიიღო, მაგრამ რაიმე პასუხისმგებლობა არ ჰქონია. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი ტიტუსი გახდა, რომლის ზეობასაც მოულოდნელად დაესვა წერტილი 81 წელს, როდესაც იგი უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მომდევნო დღეს პრეტორიანელთა გვარდიამ დომიციანე იმპერატორად გამოაცხადა, რამაც დასაბამი მისცა მის თხუთმეტწლიან მმართველობას. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის თანამდებობა ტიბერიუსის შემდეგ ამდენი ხნით არავის ჰქონია დაკავებული.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დომიციანე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დომიციანე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტიტუს ფლავიუს კეისარი დომიციანუს ავგუსტუსი | |
---|---|
TITUS FLAVIUS CAESAR DOMITIANUS AVGVSTUS | |
დომიციანეს ბიუსტი, ლუვრის მუზეუმი, პარიზი | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 სექტემბერი, 81 |
მმართ. დასასრული: | 18 სექტემბერი, 96 |
წინამორბედი: | ტიტუსი |
მემკვიდრე: | ნერვა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ოქტომბერი, 51 |
დაბ. ადგილი: | რომი |
გარდ. თარიღი: | 18 სექტემბერი, 96 (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი |
მეუღლე: | დომიცია ლონგინა |
შვილები: | ვაჟი (80-83 წწ.) |
დინასტია: | ფლავიუსები |
მამა: | ვესპასიანე |
დედა: | დომიცილა |
იმპერატორობისას დომიციანემ გააძლიერა რომის ეკონომიკა მონეტარული სისტემის გადაფასებით, გააფართოვა იმპერიის საზღვრების თავდაცვა და ქალაქ რომის დაზიანებული ნაწილების აღდგენის მიზნით გრანდიოზული სამშენებლო პროგრამის წამოწყების ინიციატივით გამოვიდა. მნიშვნელოვანი ომები მიმდინარეობდა ბრიტანეთში, სადაც რომის მხედართმთავარმა აგრიკოლამ სცადა კალედონიის (შოტლანდია) დაპყრობა და დაკიაში, სადაც დომიციანემ ვერ შეძლო მეფე დეკებალუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. დომიციანეს ხელისუფლება ავლენდა ტოტალიტარულ ნიშნებს. იგი საკუთარ თავს ახალ ავგუსტუსად მიიჩნევდა, განათლებულ დესპოტად, რომლის ბედისწერასაც წარმოადგენდა რომის იმპერიის გაძღოლა ბრწყინვალების ახალ ერაში. რელიგიურმა, სამხედრო და კულტურულმა პროპაგანდამ ხელი შეუწყო პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას. საკუთარი თავის სამუდამო ცენზორად გამოცხადებით, დომიციანე შეეცადა მოსახლეობის საჯარო და პიროვნული მორალის გაკონტროლებას. შედეგად, იმპერატორი ხალხსა და არმიაში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სენატი მას ტირანად მიიჩნევდა.
დომიციანეს ზეობას 96 წელს დაესვა წერტილი, როდესაც იგი სასახლის კარის მოხელეებმა მოკლეს. იმავე დღეს იმპერატორის ტახტი მისმა მრჩეველმა, ნერვამ დაიკავა. სიკვდილის შემდეგ რომის სენატმა დომიციანეს ხსოვნა დავიწყებას მისცა, ამასთანავე, სენატორმა ავტორებმა, როგორებიც იყვნენ ტაციტუსი, პლინიუს უმცროსი და სვეტონიუსი, იგი ბოროტ და პარანოიდ ტირანად წარმოაჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი პიროვნების თანამედროვე კვლევებმა გამოკვეთეს მისი, როგორც ულმობელი, თუმცა ქმედითი, უნარიანი თვითმპყრობლის სახე, რომლის კულტურულმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროგრამამ საფუძველი შეუქმნა მშვიდობიან მეორე საუკუნეს.