ერაყული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ერაყული სამზარეულო (არაბ. مطبخ عراقي), აგრეთვე ცნობილია, როგორც მესოპოტამიური სამზარეულო — ტრადიციული შუმერული, აქადური, ბაბილონური, ასირიული, ირანული, არაბული და ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობების კერძების ერთობლიობა. მსოფლიოს ისტორიაში პირველი კულინარიული წიგნები სწორედ ერაყის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ერაყის ტერიტორიაზე მრავალი დახვეწილი და მოწინავე ცივილიზაცია არსებობდა, რომელთაც თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა ერაყელებს დაუტოვეს. თუმცაღა, ერაყულმა გასტრონომიამ თავის ზენიტს მაშინ მიაღწია, როდესაც აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად ბაღდადი გამოცხადდა და იგი მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის ცენტრი გახდა. ამის გამო, დღეისათვის ერაყული სამზარეულო მრავალ სხვადასხვა კულტურას აერთიანებს, მასში შევხვდებით თურქულ და სირიულ კერძებსაც კი.
ერაყული ტრაპეზი იწყება აპეტაიზერებითა და სალათებით. მთავარი კერძებიდან ყველაზე ცნობილებია: ქაბაბი (ნივრით, ლიმონითა და სანელებლებით შემწვარი ხორცი), გაუსი (გრილზე შემწვარი ხორცი), ბამიე (ცხვრის, პომიდვრისა და ბამიას წვნიანი), კუზი (ცხვრის ხორცი ბრინჯთან, ნუშსა და ქიშმიშთან ერთად), ფალაფელი (შემწვარი წიწიბურა პიტას სალათთან და ამბას ღვეზელთან ერთად), ქუბა (გამომცხვარი ხორბლის ცომი ბრინჯითა და სანელებლებით), მასგუფი (წიწაკითა და თამარინდით შემწვარი თევზი) და მაქლუბა (ბრინჯი, ბადრიჯანი და პომიდორი ცხვრის ხორცთან ერთად). აგრეთვე პოპულარულია ისეთი ბოსტნეულიანი კერძები, როგორებიცაა: ტოლმა და მაჰში.
ვინაიდან ერაყულ კულინარიაში მრავალი კულტურის რეცეპტი იყრის თავს, იგი საკმაოდ მდიდარია. ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია ხორბლის, ბრინჯის, ქერის, ვაშლისა და ციტრუსის მოყვანა, აგრეთვე, ერაყი მსოფლიოში ფინიკის უდიდესი ექსპორტიორია.