თვითნაბადი ოქრო
From Wikipedia, the free encyclopedia
თვითნაბადი ოქრო — თვითნაბადი ელემენტების კლასის მინერალი, ქიმიურად წარმოადგენს ოქროს, რომელიც მყარი ხსნარის სახით შეიცავს ვერცხლს, მცირე რაოდენობით — ბისმუთს, პლატინას, სპილენძს, პალადიუმს, როდიუმს, ირიდიუმს, რკინას, ტყვიას და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, რომბოდოდეკაედრული, კუბური ან უფრო რთული ფორმისა აქვს; ხშირია დამახინჯებული კრისტალები, მავთულები, თმისებრი წარმონაქმნები და სხვ.[1] მათი ზომა ჩვეულებრივ 1 მმ-ზე ნაკლებია, იშვიათად გვხვდება დიდი ზომის კრისტალები (3 სმ-მდე). დამახასიათებელია დენდრიტები. ყველაზე ხშირად თვითნაბადი ოქრო გვხვდება წვრილდისპერსული (10 მკმ-მდე) და „ხილვადი“ (მტვრისებური ან უფრო დიდი, ზომით რამდენიმე სმ-მდე) ნაწილაკებისა და მარცვლების სახით. ყველაზე დიდ თვითნაბად ოქროებს რამდენიმე ათეული კილოგრამის მასა აქვთ და ტრადიციულად ენიჭებათ-ხოლმე საკუთარი სახელები (მაგ., „ჰოლტერმანის ფილა“ მასით 93,3 კგ ავსტრალიიდან, „დიდი სამკუთხედი“ მასით 36,2 კგ რუსეთიდან).[2] თვითნაბადი ოქრო ყვითელია, მინარევების გამო შეიძლება იყოს ღია ყვითელი, მოწითალო ან მომწვანო. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2,5;[1] სიმკვრივე 15 600–19 300 კგ/მ³.[2] ნაწილაკების ზომა მეტად ცვალებადია. 5 გრამზე მეტი მასის აგრეგატს ზოდი ეწოდება.[1] ძლიერ ჭედადი და ელასტიკურია. წარმოშობა უმთავრესად ჰიდროთერმულია; ქიმიური გამძლეობის წყალობით გროვდება ქვიშრობულ საბადოებში. თვითნაბადი ოქროს არსებითი რაოდენობა კონცენტრირდება მადნეულის საბადოების დაჟანგვის ზონებში გადალექვის გზით. ოქროს მადნების ძირითადი კომპონენტია.[2] ბუნებაში ოქრო ძირითადად თვითნაბადი სახით გვხვდება.[1]
თვითნაბადი ოქრო | |
---|---|
თვითნაბადი ოქრო კვარცში | |
საერთო | |
კატეგორია | თვითნაბადი ელემენტები |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ყვითელი, მოწითალო, მომწვანო |
კრისტალის სინგონია | კუბური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 2,5 |
სიმკვრივე | 15 600–19 300 კგ/მ³ |