ივან მაზეპა
From Wikipedia, the free encyclopedia
ივან მაზეპა (უკრაინულად: Іван Степанович Мазепа, პოლონურად: Jan Mazepa Kołodyński; 30 მარტი [ძვ. ს. 20 მარტი] 1639 – 2 ოქტომბერი [ძვ. ს. 21 სექტემბერი] 1709)[1] იყო უკრაინელი სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერი, რომელიც ატარებდა ზაპოროჟიისა და უკრაინის მარცხენა სანაპიროს ჰეტმანის წოდებას 1687–1708 წლებში. მაზეპას ცხოვრების ისტორიულმა ეპიზოდებმა გავლენა მოახდინა მრავალ სალიტერატურო, ხელოვნებისა და მუსიკალურ ნამუშევრებზე. იგი ცნობილი იყო, როგორც ხელოვნების ქომაგი.
ივან მაზეპამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლტავის ბრძოლაში (1709 წელი). როდესაც შეიტყო, რომ იმპერატორ პეტრე I დიდს განზრახული ჰქონდა ზაპოროჟიის (კაზაკების სახელმწიფო) ჰეტმანის (სამხედრო ლიდერი) პოზიციიდან გათავისუფლება და ალექსანდრე მენშიკოვით მისი ჩანაცვლება, მაზეპამ საკუთარი ჯარი მიატოვა და მიემხრო შვედეთის მეფე კარლ XII-ს. მაზეპას მიერ კაზაკთა მიტოვების პოლიტიკურმა შედეგებმა და ინტერპრეტაციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა რუსეთისა და უკრაინის ეროვნულ ისტორიებში.
1708 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანათემას გადასცა ივან მაზეპას სახელი და ამჟამადაც უარს ამბობს გადაწყვეტილების უკან წაღებაზე. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ანათემა არ აღიარა და მას არაკანონიკური უწოდა, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მას არავითარი რელიგიური, თეოლოგიური ან კანონიკური მიზეზები არ გააჩნდა.[2]
მე-18 საუკუნიდან მოყოლებული უკრაინის დამოუკიდებლობის მოსურნე და რუსეთის მოწინააღმდეგე ყველა პიროვნებას "მაზეპინცებს" უწოდებდნენ (რუსულად: Мазепинцы), რაც საკმაოდ დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა.[3][4] უკრაინული ისტორიოგრაფიიდან ივან მაზეპას გარიყვა გაგრძელდა საბჭოთა პერიოდის განმავლობაშიც, თუმცა 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მაზეპას მიმართ შეხედულების თანდათანობითი რეაბილიტაცია მოჰყვა.
უკრაინულ საზღვაოსნო საბრძოლო ხომალდს ჰეტმან ივან მაზეპას სახელი უწოდეს.[5]