იძულებით გადაადგილებული პირი
From Wikipedia, the free encyclopedia
იძულებით გადაადგილებული პირი — მოქალაქე, რომელიც იძულებულია დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი შეიარაღებული კონფლიქტის, სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის, სტიქიური ან ანთროპოგენური ხასიათის უბედურების დროს. ასეთ ვითარებაში ის არ გადაკვეთს იმ სახელმწიფო საზღვარს, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით, ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირი განიმარტება, როგორც საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ასევე იძულებით გადაადგილებული პირიების აღსანიშნავად გამოყენება ტერმინი ადგილნაცვალი პირები, რომელთა დეფინიციაც ემთხვევა იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციასაც. ადგილმონაცვლე პირები არიან საკუთარი ქვეყნის ფარგლებში, საკუთარი კარ-მიდამოდან ომის, რევოლუციის, შიმშილის ან სტიქიური უბედურების მიზეზით ადგილნაცვალი პირი.
1998 წლის „სახელმძღვანელო პრინციპებში იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ“ ტერმინი განმარტებულია, როგორც, პიროვნებები ან პიროვნებათა ჯგუფები, რომლებიც იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ, მიეტოვებინათ საკუთარი სახლები ან მუდმივი საცხოვრებლები, პირველყოვლისა იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ გამხდარიყვნენ მსხვერპლნი შეიარაღებული დაპირისპირებებისა, ძალადობისა, ადამიანის უფლებების დარღვევებსა ან/და ბუნებრივი/ხელოვნური კატასტროფებისა, თუმცა მათ საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები არ გადაუკვეთავთ.