მიმდევრობითი და პარალელური წრედები
From Wikipedia, the free encyclopedia
ორკლემიანი კომპონენტები და ელექტრული წრედები შესაძლოა შეერთებული იყოს მიმდევრობით ან პარალელურად. მიღებულ ელექტრულ წრედს ექნება ორი კლემა, და შესაძლებელია შეერთებული იყოს მიმდევრობით ან პარალელურ ტოპოლოგიაში. ორკლემიანი „სხეული“ შეიძლება იყოს ელექტრული კომპონენტი (მაგ. რეზისტორი) ან ელექტრული წრედი (მაგ. მიმდევრობით შეერთებული რეზისტორები), რაც დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ პერსპექტივაზე. ამ სტატიაში სიტყვა „კომპონენტი“ აღნიშნავს ორკლემიან „სხეულს“, რომელიც მონაწილეობს მიმდევრობით/პარალელურ წრედებში.
მიმდევრობით შეერთებული კომპონენტები ერთმანეთს უკავშირდება ერთ „ელექტრულ გზაზე“ და ყოველ კომპონენტში გადის ერთი და იგივე დენი, რომელიც ტოლია წრედში გამავალი დენისა. წრედის ძაბვა კი თითოეული კომპონენტის ძაბვათა ჯამის ტოლია.[1][2]
პარალელურად შეერთებული კომპონენტები ერთმანეთს ერთზე მეტი გზით უკავშირდება და ყოველ მათგანს ერთი და იგივე ძაბვა აქვს, რომელიც ტოლია წრედის ძაბვის. წრედის დენი კი თითოეულ კომპონენტში გამავალი დენის ჯამის ტოლია.
უკანასკნელი ორი წინადადება ეკვივალენტურია, გარდა ძაბვისა და დენის ურთიერთჩანაცვლების შემთხვევებისა.
წრედს, რომელიც შედგება მხოლოდ და მხოლოდ მიმდევრობით შეერთებული კომპონენტებისგან, ეწოდება მიმდევრობითი წრედი; ანალოგიურად, მხოლოდ და მხოლოდ პარალელურად შეერთებული კომპონენტებისგან შემდგარ წრედს ეწოდება „პარალელური წრედი“. წრედების უმეტესობა მიმდევრობითი და პარალელური წრედების კომბინაციად მოიაზრება, ისევე, როგორც სხვა განლაგებები.
მიმდევრობით წრედში დენის ძალა ყოველი კომპონენტისთვის მუდმივია, ხოლო ძაბვა მთელ წრედში თითოეული კომპონენტის ძაბვათა ვარდნის ჯამის ტოლია.[1] პარალელურ წრედში ძაბვა ყოველი კომპონენტისთვის მუდმივია, ხოლო დენის ძალა თითოეული კომპონენტში გამავალი დენის ძალების ჯამის ტოლია.[1]
განვიხილოთ უბრალო წრედი, რომელიც შედგება ოთხი ნათურასგან და 12-ვოლტიანი ბატარეისგან. თუკი სადენი ბატარეას აკავშირებს ერთ ნათურასთან, შემდეგ მეორესთან, შემდეგ მესამესთან, შემდეგ მეოთხესთან, შემდეგ კი კვლავ ბატარეასთან, ვამბობთ, რომ ნათურები შეერთებულია მიმდევრობით. თუკი ყოველი ნათურა ბატარეას სადენით ცალ-ცალკე უკავშირდება, მაშინ ვამბობთ, რომ ნათურები შეერთებულია პარალელურად. თუკი ოთხი ნათურა მიმდევრობითაა შეერთებული, ყოველ მათგანში გადის ერთი და იგივე დენის ძალა, ხოლო ძაბვის ვარდნა თითო ნათურაში 3 ვოლტია, რაც, შესაძლოა, მათ გასანათებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს. თუკი ნათურები პარალელურადაა შეერთებული, დენის ძალა გადანაწილდება, ხოლო ძაბვის ვარდნა თითოეულზე 12 ვოლტი იქნება, რაც საკმარისია მათ გასანათებლად.
მიმდევრობითი შეერთებისას ყოველი კომპონენტი უნდა მუშაობდეს, რათა წრედი შეიკრას. თუკი მიმდევრობით წრედში ერთ-ერთი ნათურა დაიწვება, მთელი წრედი დაიშლება. პარალელური შეერთებისას ყოველ ნათურას თავისი წრედი აქვს, ამიტომაც ერთის გარდა ყველა ნათურაც რომ დაიწვას, იგი მაინც იმუშავებს.