ნაზარეთის ხარების ბაზილიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაზარეთის ხარების ბაზილიკა (ებრ. כנסיית הבשורה, არაბ. كنيسة البشارة) — კათოლიკური ეკლესია ნაზარეთში, ისრაელი. აღმართულია იმ ადგილზე სადაც ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით მოხდა ღვთისმშობლის ხარება. იგი არის უდიდესი ქრისტიანული ეკლესია ახლო აღმოსავლეთში. აქვს „მცირე ბაზილიკის“ საპატიო სტატუსი, რომელიც მას 1964 წელს მიანიჭა რომის პაპმა პავლე VI-მ. ქრისტიან მომლოცველებს შორის საკმაოდ აქტუალური ადგილია. ეკლესიაში მსახურობენ ფრანცისკანელთა ორდენის ბერები.
ნაზარეთის ხარების ბაზილიკა | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 32°42′08″ ჩ. გ. 35°17′52″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რომის კათოლიკური ეკლესია |
ქვეყანა | ისრაელი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | ჯოვანი მუციო |
ხუროთმოძღვრული სტილი | მოდერნიზმი |
თარიღდება | 1969 |
ეკლესიის თანამედროვე შენობა ააგეს 1969 წელს, იქ სადაც თავდაპირველად იდგა ადრებიზანტიური ეკლესია, ხოლო შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდის ეკლესია. ბაზილიკა შედგება ორი სართულისაგან. პირველი სართული მოიცავს ხარების მღვიმეს, რომელსაც ქრისტიანები თვლიან წმინდა ოჯახის საცხოვრებლის ნაწილად და ადგილად სადაც მოხდა გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლის ხარების ბიბლიური ამბავი, რომელიც აღწერილია ლუკას სახარებაში.
ხარების მღვიმეში მდებარეობს სატრაპეზო, რომლის ზემოთ გამოსახულია მარმარილოს წრე შიგნით ჯვრის გამოსახულებით. მასზე ლათინური წარწერაა „Verbum caro hic factum est“ («აქ სიტყვა იქცა ხორცად“), სწორედ აქ, გადმოცემის თანახმად იდგა ღვთისმშობელი ხარების დროს და ანგელოზს უპასუხა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვისამებრ“ (ლუკა 1:38).
ძველი მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით სწორედ ამ ადგილზე ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისშმობელს: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეულ ხარ დედათა შორის“ (ლუკა 1:28)[1].