პიერ ბულეზი
From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ ლუი ჟოზეფ ბულეზი (ფრანგ. Pierre Louis Joseph Boulez [pjɛʁ lwi ʒozεf bulɛz]; დ. 26 მარტი, 1925 – გ. 5 იანვარი, 2016) — ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, პუბლიცისტი და არაერთი მუსიკალური დაწესებულების დამფუძნებელი, ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი დომინანტი ფიგურა კლასიკურ მუსიკაში.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პიერ ბულეზი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პიერ ბულეზი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პიერ ბულეზი | |
---|---|
პიერ ბულეზი (1968) | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | პიერ ლუი ჟოზეფ ბულეზი |
დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1925 |
დაბ. ადგილი | მონბრისონი, ლუარის დეპარტამენტი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი | 5 იანვარი, 2016 (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ბადენ-ბადენი, გერმანია |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი, ავან-გარდი, სერიალიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი |
აქტიური | 1946-2016 |
პიერ ბულეზი ვიკისაწყობში |
დაიბადა მონბრიზონში, საფრანგეთის ლუარის დეპარტამენტში, ინჟინრის ოჯახში. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში ოლივიე მესიანთან, ხოლო კერძო გაკვეთილებს ანდრე ვორაბურგთან და რენე ლეიბოვიცთან იღებდა. პროფესიული კარიერა 1940-იანი წლების ბოლოს, პარიზში, რენო-ბაროს თეატრის მუსიკალური დირექტორის პოსტზე დაიწყო. 1950-იან წლებში ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალური ავანგარდის წამყვანი ფიგურა გახდა, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ინტეგრალური სერიალიზმისა და ალეატორული მუსიკის განვითარებაში. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთმა პირველმა გამოსცადა ინსტრუმენტული მუსიკის ელექტრონული გარდაქმნები ცოცხალ რეჟიმში. ადრინდელი ნაწარმოებების რევიზიისკენ მიდრეკილების გამო მის მიერ დასრულებული ნაწარმოებების რიცხვი შედარებით მცირეა, მაგრამ მოიცავს რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც XX საუკუნის კლასიკურ მუსიკაში საეტაპო მნიშვნელობისაა, მათ შორის Le Marteau sans maître („ურო ოსტატის გარეშე“), Pli selon pli („შრეებად“) და Répons („პასუხები“). მისმა უკომპრომისო ერთგულებამ მუსიკალური მოდერნიზმისადმი და მუსიკის შესახებ მოსაზრებების გამოთქმის მძაფრმა, პოლემიკურმა მანერამ მუსიკალური დოგმატისტის სახელი დაუმკვიდრა.
საკომპოზიტორო საქმიანობის პარალელურად ბულეზი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დირიჟორიც იყო. სამოცწლიანი კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს ეკავა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის და BBC-ს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორის, Ensemble intercontemporain-ის მუსიკალური დირექტორის და ჩიკაგოსა და კლივლენდის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მიწვეული დირიჟორის პოზიციები. მიწვეული დირიჟორის რანგში ხშირად გამოდიოდა მსოფლიოს სხვა წამყვან ორკესტრებთან ერთადაც, მათ შორის იყო ვენის ფილარმონიული, ბერლინის ფილარმონიული და ლონდონის სიმფონიური ორკესტრები. განსაკუთრებით აღსანიშნავია XX საუკუნის პირველი ნახევრის კლასიკური მუსიკის, მათ შორის, კლოდ დებიუსის და მორის რაველის, იგორ სტრავინსკის, ბელა ბარტოკის, ვენის მეორე სკოლის წარმომადგენლების (შონბერგის, ბერგის და ვებერნის) ნამუშევრების, აგრეთვე, მისივე თანამედროვეთა, მათ შორის, დიერდ ლიგეტის, ლუჩიანო ბერიოს და ელიოტ კარტერის ნაწარმოებების მისეული ინტერპრეტაციები. მისი საოპერო კარიერიდან აღსანიშნავია „ასწლოვანი ბეჭედი“ (გერმ. Jahrhundertring) — ვაგნერის „ბეჭდის“ ციკლის სრული წარმოდგენა ბაიროითის ფესტივალის ასი წლის თავზე, აგრეთვე, ბერგის „ლულუს“ სამაქტიანი ვერსიის მსოფლიო პრემიერა. ვრცელია მისი დისკოგრაფიული მემკვიდრეობაც.
ბულეზმა პარიზში რამდენიმე მუსიკალური დაწესებულება დააფუძნა, მათ შორის, Domaine musical, აკუსტიკის/მუსიკის კვლევებისა და კოორდინაციის ინსტიტუტი (ფრანგ. Institut de recherche et coordination acoustique/musique, IRCAM), Ensemble intercontemporain და „მუსიკის ქალაქი“ (ფრანგ. Cité de la Musique), აგრეთვე, ლუცერნის ფესტივალის აკადემია შვეიცარიაში.