პინკ ფლოიდი
ინგლისური როკ-ჯგუფი / From Wikipedia, the free encyclopedia
პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პინკ ფლოიდი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პინკ ფლოიდი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პინკ ფლოიდი | |
---|---|
ინგლ. Pink Floyd | |
ჯგუფის ხანმოკლე, ხუთკაციანი შემადგენლობის ერთადერთი ფოტოსესია, 1968 წელი. (მარცხნიდან - მარჯვნივ): ნიკ მეისონი, სიდ ბარეტი, დეივიდ გილმორი (ცენტრში), როჯერ უოტერსი, რიჩარდ რაიტი | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
დისკოგრაფია | პინკ ფლოიდის დისკოგრაფია |
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები | |
საიტი | pinkfloyd.com |
პინკ ფლოიდი ვიკისაწყობში |
თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1970-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დეივიდ გილმორი „პინკ ფლოიდს“ სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი — დეივიდ გილმორი. ამ შემადგენლობით „პინკ ფლოიდმა“ მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.
რაიტმა ჯგუფი 1979 წელს, ხოლო უოტერსმა − 1985 წელს დატოვა, მაგრამ გილმორმა და მეისონმა (მოგვიანებით რაიტის დაბრუნების შემდეგ) გააგრძელეს ალბომების ჩაწერა და საკონცერტო ტურნეები. ისინი „პინკ ფლოიდის“ სახელით გამოდიოდნენ, რის გამოც უოტერსმა ყოფილი კოლეგების მისამართით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი – დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. ამის შემდეგ, „პინკ ფლოიდმა“ კიდევ ორი ალბომი გამოუშვა – A Momentary Lapse of Reason და The Division Bell. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8“. რაიტის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის დარჩენილი წევრები, უოტერსი, გილმორი და მეისონი ერთმანეთს შეხვდნენ როჯერის ტურნეს The Wall Live ფარგლებში, 2011 წლის 12 მაისს ლონდონის დარბაზში O2 გამართულ კონცერტზე, სადაც გილმორმა შეასრულა სიმღერა „Comfortably Numb“, ხოლო მეისონი სხვებს შეუერთდა სიმღერის „Outside the Wall“ შესრულებისას.
2014 წლის 5 ივლისს სხვადასხვა პიროვნებამ (მათ შორის, დეივიდ გილმორის მეუღლემ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი სტუდიური ალბომი, დაფუძნებული 1994 წელს შექმნილ ჩანაწერებზე, იქნება „რიჩარდ რაიტის გედის სიმღერა“ და გამოიცემოდა 2014 წლის ოქტომბერში სახელწოდებით The Endless River.
„პინკ ფლოიდი“ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მთელ მსოფლიოში მას გაყიდული აქვს 250 მილიონზე მეტი დისკი, აქედან 74.5 მილიონი – მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.