როლინგ სტოუნზი
From Wikipedia, the free encyclopedia
როლინგ სტოუნზი (ინგლ. The Rolling Stones) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც ლონდონში, 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. მასში თავდაპირველად შედიოდნენ: ბრაიან ჯოუნზი (გიტარა, ჰარმონიკა), იენ სტიუარტი (ფორტეპიანო), მიკ ჯეგერი (ვოკალი), კით რიჩარდსი (გიტარა), ბილ უაიმენი (ბას გიტარა) და ჩარლი უოტსი (დასარტყმელი საკრავები). სტიუარტმა ოფიციალური შემადგენლობა 1963 წელს დატოვა, მაგრამ 1985 წელს, გარდაცვალებამდე, სტოუნზის კონცერტებში მონაწილეობდა. ჯოუნზმა ჯგუფი დატოვა 1969 წელს, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. მანამდე მას ჩაენაცვლა მიკ ტეილორი, რომელიც 1974 წლამდე დარჩა. მოგვიანებით მისი ადგილი, დღემდე, დაიკავა რონი ვუდმა. უაიმენი 1993 წელს წავიდა და მას შემდეგ ტურნეებში ბასისტის სახით მონაწილეობს დერილ ჯოუნზი. სხვა საკონცერტო მუსიკოსებს შორის აღსანიშნავია კლავიშისტები - ნიკი ჰოპკინზი (1967–82), იენ მაკლოგენი (1978–1981), ბილი პრესტონი (1970-იანები) და ჩაკ ლიველი (1982-დღემდე). თავდაპირველად სტოუნზის ლიდერი იყო ბრაიან ჯოუნზი, მაგრამ მოგვიანებით ჯეგერი და რიჩარდსი გახდნენ კოლექტივის სიმღერების ავტორები, ხოლო ჯოუნზი იურიდიულ და პირად პრობლემებს უმკლავდებოდა.
როლინგ სტოუნზი | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა Summerfest-ზე, 2015 მარცხნიდან: ჩარლი უოტსი, რონი ვუდი, მიკ ჯეგერი და კით რიჩარდსი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1962 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები | |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | rollingstones.com |
როლინგ სტოუნზი ვიკისაწყობში |
ევროპაში წარმატების მოპოვების შემდეგ როლინგ სტოუნზი პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაშიც გახდა, ე.წ. „ბრიტანული შემოჭრის“ პერიოდში, 1960-იან წლებში. იგი ამავე პერიოდის კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. ბლუზური და როკ-ენ-როლური საწყისების მიუხედავად, სტოუნზს 60-იანებში ჰქონდა მუსიკალური ექსპერიმენტების ხანმოკლე პერიოდი, რომელიც ფსიქოდელიური ჟანრის Their Satanic Majesties Request-ით აღინიშნა. მოგვიანებით ჯგუფი დაუბრუნდა ბლუზურ ჟღერადობას ალბომით Beggars Banquet-ით (1968) და მისი შემდგომი დისკებით Let It Bleed (1969), Sticky Fingers (1971) და Exile on Main St. (1972), რომლებიც ხშირად ითვლება მათ საუკეთესო ნაშრომებად და „ოქროს ეპოქად“. ამ პერიოდში მათ კონცერტებზე უკვე წარადგენდნენ, როგორც „მსოფლიოს უდიდეს როკ-ენ-როლურ ჯგუფს“.[1][2] მუსიკათმცოდნე რობერტ პალმერი წერდა, რომ სტოუნზის „აღსანიშნავი ხანგრძლივი გავლენა გამომდინარეობს ტრადიციული ჭეშმარიტებებიდან, რიტმ-ენდ-ბლუზური და სოულ მუსიკიდან, ხოლო სხვა წუთიერი პოპულარული მოდა წარმავალია“.[3]
1970-იანებში ჯგუფი განაგრძობდა კომერციულად წარმატებული დისკების გამოცემას, რომელთა შორის აღსანიშნავია Some Girls (1978) და Tattoo You (1981), მსოფლიოში მათი ყველაზე პოპულარული ალბომები. 1983-1987 წლებში ჯეგერს და რიჩარდსს შორის არსებული უთანხმოებების ფონზე სტოუნზი დაშლილი იყო, თუმცა 1987 წელს იგი დაბრუნდა. დროებითი სოლოპროექტების გარდა, მათ გამოსცეს Steel Wheels (1989), რომელსაც მოჰყვა მასშტაბური საკონცერტო ტურნე. 1990-იანებიდან მოყოლებული, სტუდიურ ალბომებს იშვიათადად გამოსცემენ, თუმცა ყოველი ასეთი წარმატებული და დადებითად შეფასებულია კრიტიკოსების და ძირითადი მსმენელების მიერ. მიუხედავად მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ოთხი ახალი სტუდიური ალბომისა, ჯგუფი უფრო აქტიურია საკონცერტო სფეროში. 2007 წლისთვის მისი ოთხი ტურნე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანების ხუთეულში შედიოდა - Voodoo Lounge Tour (1994–95), Bridges to Babylon Tour (1997–98), Licks Tour (2002–03) და A Bigger Bang Tour (2005–07).[4]
1989 წელს როლინგ სტოუნზი შეიყვანეს როკ-ენ-როლის, ხოლო 2004 წელს - ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. ჟურნალმა Rolling Stone ისინი დაასახელა ყველა დროის „100 უდიდესი შემსრულებლის სიის“ მეოთხე ადგილზე. დღეისთვის ჯგუფის ალბომების გაყიდვების რაოდენობა 250 მილიონს აჭარბებს. მისი დისკოგრაფია მოიცავს 30 სტუდიურ, 18 საკონცერტო და მრავალ კომპილაციურ ალბომს. ბრიტანეთში Let It Bleed (1969) იყო სტოუნზის პირველი ალბომი, რომლის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვედრას მოჰყვა ამავე პოზიციამდე ასული მთელი რიგი სტუდიური და საკონცერტო ალბომების. აშშ-ში ასეთი ჩანაწერების რიგში Sticky Fingers (1971) იყო, რასაც კიდევ შვიდი მოჰყვა. 2008 წელს Billboard Hot 100-ის ყველა დროის წარმატებული შემსრულებლების სიაში ჯგუფი მეათე ადგილს იკავებდა. 2012 წელს აღინიშნა როლინგ სტოუნზის 50 წლიანი იუბილე.