სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ. Royal Geographical Society; RGS) — გეოგრაფიული სამეცნიერო საზოგადოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. თავდაპირველად ეწოდებოდა „ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება“. დააარსეს ჯონ ბაროუმ, ჯონ ფრანკლინმა და ფრენსის ბოფორტმა 1830 წელს. საზოგადოება შეიქმნა მეფე უილიამ IV-ის მფარველობით. ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაში თავიდანვე შევიდა აფრიკის ასოციაცია, როლის კლუბი და პალესტინის ასოციაცია. საზოგადოებამ არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ მოგზაურის საქმიანობას შეუწყო ხელი, მათ შორის იყვნენ ჩარლზ დარვინი, დეივიდ ლივინგსტონი, ჰენრი მორგან სტენლი, რობერტ ფალკონ სკოტი, ერნესტ ჰენრი შეკლტონი, ედმუნდ ჰილარი და სხვა. 1859 წელს საზოგადოებამ დედოფალ ვიქტორიისაგან მიიღო პრივილეგიები. საზოგადოების ძირითადი მიზანია „გეოგრაფიული მეცნიერების განვითარება“, თუმცა საზოგადოების თავდაპირველი ისტორია მჭიროდ იყო დაკავშირებული აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლარულ მხარეებში და ცენტრალურ აზიაში განხორციელებულ კოლონიურ აღმოჩენებთან.
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება | |
---|---|
ინგლ. Royal Geographical Society | |
აბრევიატურა | RGS-IBG |
შეიქმნა | 1830 წელი |
ტიპი | სამეცნიერო საზოგადოება |
შტაბ-ბინა | კენსინგტონი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
წევრები | 16,000 |
პრეზიდენტი | ნაიჯელ კლიფორდი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
კავშირები | British and Irish Committee on Map Information and Cataloguing Systems[1] , Society Publishers' Coalition[2] და სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოების გამომცემელთა ასოციაცია[3] |
http://www.rgs.org |
XIX საუკუნის შუა წლებიდან 1916 წლამდე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაფინანსებული ექსპედიციები შუქდებოდა წამყვანი გაზეთების ფურცლებზე. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიის შესწავლის საქმეს.
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ამჟამად ევროპის უმსხვილესი გეოგრაფიული და სამეცნიერო საზოგადოებაა. მოქმედებს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. გააჩნია მნიშვნელოვანი პროფესიული პოტენციალი. შეიცავს დაახლოებით 30-მდე სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, სამასწავლებლო და საველე საკონსულტაციო ჯგუფებს. აქვს 9 რეგიონული განყოფილება დიდ ბრიტანეთში და 2 საზღვარგარეთ — ჰონგკონგსა და სინგაპურში.
გამოსცემს ჟურნალს — „The Geographical Journal“. 2009-2012 წლებში სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მწერალი მაიკლ პეილინი.