სამი ფაშა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამი ფაშა (ოსმ. اوچ پاشلار, თურქ. Üç Paşalar) ასევე ცნობილია როგორც ახალგაზრდა თურქების ტრიუმვირატი — ოსმალეთის იმპერიის მაღალჩინოსნების სამეული, რომელმაც 1913 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მალევე მოახდინა ქვეყნის მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება. ტრიუმვირატის შემადგენლობაში შედიოდა თალაათ-ფაშა (1874-1921 წწ.) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (1917-1918 წწ.) და შინაგან საქმეთა მინისტრი, ენვერ-ფაშა (1881-1922 წწ.) — ოსმალეთის იმპერიის ომის მინისტრი (1914-1918 წწ.) და ჯემალ-ფაშა (1872-1922 წწ.) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრი (1914-1918 წწ.). მათ დიდი გავლენა მოახდინეს ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში ჩართვის საქმეში და იყვნენ სომხების, ასირიელების და პონტოელი ბერძნების გენოციდის მთავარი ორგანიზატორები.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ტრიბუნალმა ტრიუმვირატის სამივე წევრს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ენვერ-ფაშა დაიღუპა ბოლშევიკებთან ბრძოლის დროს შუა აზიაში, ხოლო თალაათ-ფაშა და ჯემალ-ფაშა მოკლეს ოპერაცია „ნემესისის“ დროს.