საჭადრაკო ოლიმპიადა 1970
From Wikipedia, the free encyclopedia
5 - 27 სექტემბერი 1970 ზიგენი, გერმანია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დასავლეთგერმანული ეს პატარა ქალაქი აქმადე მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ სწორედ აქ დაიბადა ცნობილი ფერმწერი პეტერ პაულ რუბენსი, ახლა კი ეს ქალაქი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობდა. ზიგენში 63 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ეკვადორის, ვენესუელის და საფრანგეთის გუნდებს ტურნირში გამოსვლის ნება არ დართო, განაცხადის ვადაზე გვიან შემოტანის გამო. ტურნირი ,,ზიგენლანდჰალეს’’ ვეებერთელა დარბაზში ტარდებოდა, სადაც კომფორტულად იყო განლაგებული 120 მაგიდა. ფიცარნაგზე ყოფნის უფლება მხოლოდ მოჭადრაკეებს, მსაჯებს და გუნდების კაპიტნებს ჰქონდათ. გერმანელები ჩვეული პედანტიზმით იცავდნენ ამ წესს და ერთხელ ეს ფიცარნაგი ფიდეს პრეზიდენტსაც დაატოვებინეს.
მთავარი ფავორიტები კვლავ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონი, ბორის სპასკი თავკაცობდა. ძიერი გუნდები ჰყავდათ უნგრელებს (მათ გუნდში დებიუტი ჰქონდა ზოლტან რიბლის), იუგოსლავიელებს და ჩეხებს. დიდი მიზენები ჰქონდა ამერიკელებსაც, რომლებმაც როგორც იქნა დაიყოლიეს რობერტ ფიშერი თამაშზე. სახელმოხვეჭილი, მაგრამ უკვე ხანდაზმული მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული არგენტინის ნაკრები. სიურპრიზების შემოთვაზება შეეძლოთ გფრ-ს, ბულგარეთის და გდრ-ს გუნდებსაც.
გუნდების ქვეჯგუფებში დასაყოფად პირველად გამოიყენეს კომპიუტერი (ადრე გუნდების კაპიტნები წერდნენ გუნდების სიძლიერის თავთავიანთ ვარიანტს და შემდეგ მსაჯთა კოლეგიას ამ ვარიანტებიდან გამოყავდა საშუალო ვარიანტი), რომელშიც წინა ხუთი ოლიმპიადის შედეგები იქნა შეყვანილი. უნდა ითქვას, რომ კომპიუტერმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და გუნდები ქვეჯგუფებში ძირითადად თანაბრად გადაანაწილა. ნახევარფინალებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფინალურ ტურნირში უძიერესები გავიდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანს გაუჭირდა კიდეც. ამერიკელებმა საერთოდ წააგეს გდრ-ის გუნდთან და მხოლოდ ნახევარი ქულით აჯობეს ნიდერლანდელებს. ასევე ნახევარი ქულით აჯობეს ბენტ ლარსენს და კომპანიას უნგრელებმა. თავის ტრადიციებზე სუსტად გამოვიდნენ ინგლისელები, შვედები და პოლონელები.
ფინალში ბრძოლა დაძაბული გამოდგა. მესამე ტურის შემდეგ ლიდერობდა უნგრეთის გუნდი. მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები და ქულით - იუგოსლავიელები და ამერიკელები. მეშვიდე ტურში უნგრელები დამარცხდნენ იუგოსლავიელებთან. ამით კარგად ისარგებლეს საბჭოელებმა, მათ 3 ქულა აართვეს გდრ-ს და პირველად დაწინაურდნენ. შემდგომში საბჭოთა მოჭადრაკეებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და მესამე საპრიზო ადგილებისათვის. აქ სხვაობა სულ ნახევარ ქულას შეადგენდა. ბოლო ტურში უნგრელებმა 3-1 მოუგეს გდრ-ს გუნდს. იუგოსლავიელებმა მხოლოდ 2,5 ქულა აიღეს არგენტინელებთან შეხვედრაში და მესამე ადგილს დასჯერდნენ. მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგოთ ამერიკელებს. ოკეანისგაღმელებმა მთლად კარგად ვერ ითმაშეს ფინიშზე (მხოლოდ 5,5 ქულა მერვე-მეათე ტურებში) და შედეგიც შესაბამისი მიიღეს.