ჭვირნიშანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჭვირნიშანი, წყლის ნიშანი, ფილიგრანი — გამჭვირვალე გამოსახულება — მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ის ბოლოს. ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ის ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია.
ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ის დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV-XVI სს-ის მიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდათანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ დოკუმენტაციასა და წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულება მხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის.