ხლოდვიგ I
From Wikipedia, the free encyclopedia
ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus;[1] დ. დაახლ. 466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ 496 წელს ფრანკებმა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხოლო მეფის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი ომების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფრანკთა სახელმწიფო. 507-508 წლებში აქტიურად ებრძოდა ვესტგუთებს, მათთან ომის შემდეგ ხლოდვიგი გაემგზავრა პარიზში, რომელიც 508 წელს გახადა საკუთარი რეზიდენცია.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ხლოდვიგ I“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ხლოდვიგ I ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ხლოდვიგ I | |
---|---|
ხლოდვიგ I-ის გამოსახულება ბრინჯაოს მედალზე. 1720 წელი | |
ფრანკების მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 481/482 |
მმართ. დასასრული: | 511 |
წინამორბედი: | ხილდერიკ I |
მემკვიდრე: |
თოიდერიხ I, ხლოდომერი, ხილდებერტ I ხლოტარ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ 466 |
გარდ. თარიღი: | 27 ნოემბერი, 511 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, ფრანკთა იმპერია |
მეუღლე: |
1. სახელი უცნობია 2. კლოტილდა ბურგუნდიელი |
შვილები: |
I ქორწინებიდან: თოიდერიხ I, II ქორწინებიდან: ხლოდომერი, ხილდებერტ I ხლოტარ I კლოტილდა უმცროსი |
დინასტია: | მეროვინგები |
მამა: | ხილდერიკ I |
დედა: | ბაზინა თიურინგიელი |
თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ხლოდვიგმა დაიპყრო რაინის წვრილ-წვრილი სამეფოები: თიურინგების, ვარნებისა და დასავლეთის გერულების. ამრიგად, ხლოდვიგის მმართველობის დროს რაინის პირზე არ დარჩენილა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხლოდვიგის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი, ფრანკების კანონთა პირველი კრებული. 511 წლის ივლისში მან მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ორლეანში, რომელშიც მონაწილე 32 ეპისკოპოსიდან ნახევარი წარმოშობით ფრანკების სახელმწიფოდან იყო.
ხლოდვიგი გარდაიცვალა 511 წლის 27 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, პარიზში. იგი დაკრძალეს წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც თავად ააშენა. XVIII საუკუნეში ეს ეკლესია ხლოდვიგის გვერდით დაკრძალული წმინდა ჟენევიევას სახელზე აკურთხეს. ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის დაიყო.