ჰოლოდომორი
უკრაინელი ხალხის გენოციდი სსრკ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით 1932–1933 წლებში, ხელოვნური მასობრივი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) — მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.
2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.
ტერმინი ჰოლოდომორი ხაზს უსვამს შიმშილის ისეთ მიზანმიმართულ ასპექტებს, როგორიცაა გარე დახმარების უარყოფა, ყველა საყოფაცხოვრებო საკვების კონფისკაცია და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა. იყო თუ არა ჰოლოდომორის გენოციდი, ჯერ კიდევ აკადემიური დებატების საგანია. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ შიმშილობა დაგეგმილი იყო იოსებ სტალინის მიერ უკრაინული დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობის აღმოსაფხვრელად.[1] ჰოლოდომორი ხშირად შედარებულია ჰოლოკოსტის მდგომარეობასთან.[2] ამასთან, ზოგიერთი ისტორიკოსი ჰოლოდომორს გენოციდს უწოდებს.[3][4] 2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად იქნა აღიარებული.