ალექსანდრე V
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე V (დ. დაახლოებით 1703/1704 — გ. მარტი, 1752) — იმერეთის მეფე 1720-1741, 1741–1746, 1749–1752. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება გამუდმებული შინაფეოდალური ომებით დასუსტებული იყო. 1721-1728 წლებში სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1732 წელს ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა დამყარდა.
ალექსანდრე V | |
---|---|
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1720 |
მმართ. დასასრული: | 1752 |
წინამორბედი: | გიორგი VII |
მემკვიდრე: | სოლომონ I |
გარდ. თარიღი: | 1752 |
მეუღლე: | თამარ აბაშიძე |
შვილები: | იოსები, სოლომონი, არჩილი |
მამა: | გიორგი VI |
დედა: | როდამ ბაგრატიონი |
ხელმოწერა: | |
ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 წლებში ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 წელს ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა დამყარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1749 წელს ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.