ანა (სამეფო პრინცესა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა, სამეფო პრინცესა (ინგლ. Anne, Princess Royal), დაბადების სახელია ანა ელისაბედ ალისა ლუიზა მონბატენ-უინძორი (ინგლ. Anne Elisabeth Alice Louise Mountbatten-Windsor), აგრეთვე ცნობილია, როგორც პრინცესა ანა ედინბურგელი (ინგლ. Princess Anne of Edinbourgh; დ. 15 აგვისტო, 1950, კლარენსის სახლი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — უინძორების დინასტიის წარმომადგენელი. გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ისა და ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს მეორე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. სამეფო პრინცესა 1987 წლიდან და დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მე-14 მემკვიდრე.
ანა | |
---|---|
სრული სახელი
ანა ელისაბედ ალისა ლუიზა მონბატენ-უინძორი | |
წოდებები | |
დაიბადა |
15 აგვისტო, 1950 (1950-08-15) (73 წლის) კლარენსის სახლი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საგვარეულო | უინძორები |
მეუღლე(ები) |
მარკ ფილიპსი (ქ. 1973 - განქ. 1992) ტიმოთი ლაურენსი (ქ. 1992) |
შვილ(ებ)ი |
პიტერ ფილიპსი ზარა ფილიპსი |
მამა | ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი |
დედა | ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
დაიბადა კლარენსის სახლში, განათლება მიიღო ბენენდენის სკოლაში, სრულწლოვანად გახდომისთანავე კი დაიწყო თავისი სამეფო მოვალეობების შესრულება. იგი ასევე პროფესიონალი ცხენოსანია, რომელმაც 1971 წელს ერთი ოქროს, ხოლო 1975 წელს ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა ბრიტანეთის სახელით ევროპის ჩემპიონატზე. 1976 წელს გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში.
სამეფო პრინცესა დედოფლის სახელით ასრულებს არაერთ ოფიციალურ მოვალეობასა და ვალდებულებას. იგი მფარველობს 300-ზე მეტ ორგანიზაციას. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ვრცელდება სპორტისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და დაავადებულ ადამიანებს განვითარებულ ქვეყნებში. იგი ორმოცდაათი წლის განმავლობაში მართავდა ორგანიზაციას Save the Children. ამ პერიოდში მან არაერთი პროექტი განახორციელა, რის გამოც 1990 წელს პრინცესა ანა ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული.
1973 წელს ანა დაქორწინდა კაპიტან მარკ ფილიპსზე, რომელსაც 1992 წელს გაეყარა. წყვილს ორი საერთო შვილი და ოთხი შვილიშვილი დარჩა. განქორწინებიდან რამდენიმე თვეში ანა დაქორწინდა სარდალ (ახლა უკვე ვიცე-ადმირალზე) სერ ტიმოთი ლაურენსზე, რომელსაც იგი ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როდესაც დედოფლის არმიაში მსახურობდა ჯარისკაცად. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.