ბრაზილიის მთიანეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაზილიის მთიანეთი ან ბრაზილიის პლატო (პორტ. Planalto Brasileiro) — ვრცელი გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც მოიცავს ბრაზილიის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური ნაწილების უდიდეს წილს, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარს, 4 500 000 კმ²-ს. ასევე, ბრაზილიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ მთიანეთში ან მის გაგრძელება ვიწრო სანაპირო ზოლში სახლობს.
რეგიონის უმეტესი ნაწილი უძველესი ბაზალტის ლავური ნაკადებისგან შედგება. ამჟამად, როდესაც დრამატული გეოფიზიკური აქტივობები უკვე შორეულ წარსულსაა ჩაბარებული, მთიანეთში არ შეიმჩნევა არანაირი სეისმური და ვულკანური აქტივობა. მის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ასევე ეროზიამ, რომელმაც მთების ძირში მოაქცია ვრცელი დანალექი დეპოზიტები.
ბრაზილიის მთიანეთი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: რეგიონს შიგნით გამოიყოფა რამდენიმე განსხვავებული ბუნებრივი ზონა, ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები, ნიადაგის მრავალი ტიპი, მცენარეთა და ცხოველთა ათასობით სახეობა.