ერთეულთა გაუსის სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
ერთეულთა გაუსის სისტემა — ელექტრულ და მაგნიტურ ერთეულთა სისტემა ძირითადი ერთეულებით — სანტიმეტრი, გრამი, წამი, რომელშიც დიელექტრიკული და მაგნიტური შეღწევადობა უგანზომილებო სიდიდეებია და ვაკუუმისთვის ერთის ტოლად არიან მჩნეული. ერთეულთა გაუსის სისტემაში ელექტრულ სიდიდეთა ერთეულები უდრის ერთეულთა CSGE აბსოლუტურ ელექტროსტატიკური სისტემის ერთეულებს, ხოლო მაგნიტურ სიდიდეთა ერთეულები — CGSM აბსოლუტურ ელექტრომაგნიტური სისტემის ერთეულებს. ამასთან დაკავშირებით ერთეულთა გაუსის სისტემას ხშირად სიმეტრიულ CGS ერთეულთა სისტემას უწოდებენ. ერთეულთა გაუსის სიტემას ეწოდა კ. გაუსის პატივსაცემად, რომელმაც წამოაყენა იდეა, რომ შექმნილიყო ერთეულთა აბსოლუტური სისტემა (ძირითადი ერთეულებით მილიმეტრი, მილიგრამი, წამი), მანვე დაამუშავა ეს სისტემა ვ. ვებერთან ერთად მაგნიტურ სიდიდეთა გასაზომად.
ერთეულთა გაუსის სისტემის ყველაზე გავრცელებული ალტერნატივაა ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (ე.წ. სი-სისტემა). მეცნირებისა და ტექნიკის უმეტეს დარგებში სწორედ სი-სისტემა გამოიყნება და მონოტონურად იზრდება გაუსის სისტემის პოპულარობის შემცირების ხარჯზე, თუმცა ფიზიკის მრავალ დარგში ჯერ უპირატესობა გაუსის სისტემას ენიჭება (მაგ. თეორიული ფიზიკა, ასტროფიზიკა, პლაზმის ფიზიკა და სხვა). სი-სისტემასა და გაუსის სისტემას შორის კავშირი არ არის ტრივიალური. მაგალითად, ელექტროდინამიკის კანონებს (მაქსველის განტოლებები) სხვადასხვა ფორმა აქვს ამ ორ სისტემაში.