ინდუსტრიული რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდუსტრიული რევოლუცია, ინდუსტრიალიზაცია — პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე, სადაც ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებში ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და კულტურულ გარემოებებზე.
ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ ინდუსტრიულ ეპოქას. თავისი ისტორიული მნიშვნელობით მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა და სამიწათმოქმედო მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება, რომელიც „ნეოლითური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი. თუკი ინდუსტრიული რევოლუცია ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროცესს აღნიშნავს, ტერმინი „ინდუსტრიალიზაცია“ უფრო ეკონომიკურ და ტექნიკურ მოდერნიზაციას გულისხმობს. ინდუსტრიული რევოლუციის თავდაპირველი წანამძღვარია კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება. ინდუსტრიალიზაცია ხანგრძლივი პერიოდია და ის მსუბუქი მრეწველობის განვითარებით იწყება. მისთვის დამახასიათებელია ცალკეული დარგების არათანაბარი განვითარება.
ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების თარიღად XVIII საუკუნის 60-იანი წლებია მიჩნეული. პირველად ინგლისში მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე.წ. „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირავებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე.წ. „შემოღობვათა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული, გლეხობის პაუპერიზაიცია გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაში ეძებნა დასაქმება.
ფეოდალური სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში ინგლისის დაწინაურებას ხელს უწყობდა ისიც, რომ კონტინენტური ევროპისაგან განსხვავებით, ინგლისელ თავადაზნაურებს კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალებოდათ (მაგ., აბსოლუტისტურ საფრანგეთში, ამგვარი საქმიანობისათვის თავადაზნაურობას ღირსების აყრა და ტიტულის ჩამორთმევა ემუქრებოდა).
სამრეწველო ბურჟუაზიის რიგების შევსებას სათავადაზნაური წოდების წარმომადგენლებით განაპირობებდა აგრეთვე ტრადიციული სამემკვიდრეო პრიმოგენიტურის პრინციპი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა წოდებრივ მობილურობას, აიძულებდა რა მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ პირებს საზოგადოებრივი იერარქიის მაღალი საფეხურიდან უფრო დაბალზე ჩამოქვეითებას.