იუდაიზმი
ებრაელი ხალხის რელიგია / From Wikipedia, the free encyclopedia
იუდაიზმი (ებრ. ɳיהדות – იაჰადუთ) — ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტური რელიგიებისა როგორებიცაა ქრისტიანობა და ისლამი. იუდაიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ებრაელი ხალხის ისტორიასთან. ტერმინი იუდაიზმი მოგვიანებით გაჩნდა, მაგრამ მისი საფუძვლები ჩაისახა ორი ათასწლეულის წინ, რაც ბიბლიის წიგნებშია ასახული. ტერმინი იუდაიზმი მომდინარეობს იუდას ებრაული ტომისგან. იუდას ტომი გადაურჩა ძვ. წ. 722 წელს აშურის მეფის მიერ იუდეველთა სამეფოს დაპყრობას და მათ გადასახლებას სხვადასხვა ქალაქებში. ამ დროიდან ებრაეელმა ხალხმა არსებობა განაგრძო მხოლოდ იუდას ტომის მეშვეობით. აქედან მოდის ევროპულ ენებზე თანამედროვე ებრაელთა დასახელება იუდეველი, რაც აღნიშნავს როგორც ეროვნებას, ასევე რელიგიურ აღმსარებლობას.
უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ შორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.
იუდაიზმის ტრადიციული თვალსაზრისით, რომელიც თანამედროვე მკვლევართა აზრსაც ემთხვევა, იუდაიზმი რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდებოდა მისი წარმოშობისას არსებული სხვა რელიგიური ტრადიციებისგან. ერთი ასეთი თავისებურებაა მონოთეიზმი: სამყაროს შემქმნელი და კაცობრიობის გამკითხავი ღმერთის რწმენა. მაშინდელი პოლითეისტური რელიგიების მიხედვით სამყარო შემთხვევით გაჩენილი იყო, ხოლო ღმერთებს სხვა ღმერთებთან ურთიერთობა ადამიანთა ბედზე მეტად აწუხებდათ. პოლითეისტურ წარმოდგენაში ღმერთები საკუთარი ვნებებით იყვნენ დაკავებულნი და მათი ძალებიც შეზღუდული იყო, იუდაიზმის მიხედვით კი ღმერთი უსაზღვრო ძალის და ყოვლისშემძლეა, რის გამო სამყაროს მარტოდმარტო შექმნის უნარსაც ფლობს; იუდაიზმის მეორე თავისებურება მისი მიმდევრებისთვის თორაში აღნიშნულ მცნებათა შესრულების ვალდებულება იყო. იმდროინდელი ხალხების მსგავსად ებრაელებსაც ჰქონდათ ტაძარი, სადაც ქურუმები ღმერთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ, ოღონდ ეს არ ყოფილა ებრაული ღვთისმსახურების ერთადერთი საშუალება.