ლიბერტარიანიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბერტარიანიზმი — პოლიტიკური ფილოსოფიების ჯგუფი, რომლებიც ხაზს უსვამს პიროვნულ თავისუფლებასა და ნებაყოფლობით ასოციაციას. ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ მთავრობის მცირე ძალაუფლების ქვეშ ან სრულიად თავისუფალი საზოგადოების არსებობას.
ლიბერტარიანელი ისტორიკოსი ჯორჯ ვუდკოკი ლიბერტარიანიზმს განმარტავს, როგორც ფილოსოფიას, რომელიც ავტორიტეტის არსებობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საზოგადოების ტრანსფორმაციას რეფორმით ან რევოლუციის გზით ხედავს. ლიბერტარიანელი ფილოსოფოსი როდერიკ ლონგი ლიბერტარიანიზმს განმარტავს „ნებისმიერ პოლიტიკურ პოზიციად, რომელიც მხარს უჭერს ძალაუფლების რადიკალურ გადაცემას ძალდატანებითი სახელმწიფოსგან თავისუფალი ინდივიდების მოხალისეობრივი ასოციაციების ხელში“, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა „მოხალისეობრივი ასოციაცია“ თავისუფალი ბაზრის თუ კომუნალური კოოპერატივის ფორმას. აშშ-ს ლიბერტარიანული პარტიის მიხედვით, ლიბერტარიანიზმი არის ისეთი მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც მოხალისობრივად ფინანსდება და მისი მოვალეობები ინდივიდების ძალადობისგან დაცვით შემოიფარგლება.
ლიბერტარიანული აზროვნების სკოლები ერთმანეთისგან სახელმწიფოს უფლებების შემცირების ხარისხით განსხვავდება. ანარქისტული სკოლები მხარს უჭერენ სახელმწიფოს სრულ გაუქმებას. მონარქისტული სკოლები სახელმწიფოს მოვალეობად მხოლოდ მოქალაქეების აგრესიისგან, ქურდობისა და თაღლითობისგან დაცვას მიიჩნევს. ზოგიერთი სკოლა ღარიბების დახმარებას ეთანხმება. ასევე, არის სკოლები, რომლებიც მხარს უჭერენ კერძო საკუთრების უფლებებს განუკუთვნელ მიწებზე და ბუნებრივ რესურსებზე. ამის პარალელურად, არსებობს სკოლები, რომლებიც სრულიად უარყოფენ კერძო საკუთრების უფლებას და საერთო საკუთრებას უჭერენ მხარს. კიდევ ერთი კონტრასტი, რომელიც ლიბერტარიანელებს შორის არსებობს, არის ის, რომ ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერს წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, ზოგიერთი კი პირიქით, საერთო საკუთრებას ეთანხმება. პირველის მაგალითია კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, ხოლო უკანასკნელის - სოციალისტური. კონტრაქტარიანული ლიბერტარიანიზმი მიიჩნევს, რომ მთავრობის ლეგიტიმურობას განსაზღვრავს არა მართულების თანხმობა, არამედ - კონტრაქტი, ორმხრივი შეთანხმება, თუმცა ეს შეიძლება დავინახოთ როგორც კონსეკვენციალიზმი ან დეონტოლოგიზმი, გააჩნია კონტრაკტი რის საფუძველზე განისჯება. ზოგირთი ლიბერტარიანელი სოციალისტი უარყოფს დეონტოლიგიურ და კონსეკვენციალურ მიდგომას და იყენებს ისტორიულ მატერიალიზმს თავისუფლების მოპოვების გზის განსასჯელად.
ისეთი სწავლული, როგორიც ნოამ ჩომსკია, ამტკიცებს, რომ უმეტეს ქვეყნებში ტერმინები „ლიბერტარიანი“ და „ლიბერტარიანიზმი“ მემარცხენე ანარქიზმის სინონიმებია. მხოლოდ აშშ-ში ასოცირდება ლიბერტარიანელი იმ ადამიანთან, რომელსაც კონსერვატიული პოზიცია აქვს ეკონომიკის საკითხებზე და ლიბერალური შეხედულება — სოციალურ საკითხებზე, „კონსერვატორის“ და „ლიბერალის“ ზოგადი გაგებით აშშ-ში.