ნობელის პრემია ლიტერატურაში
From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში — ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.
ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვასიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.
ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.