რაბატი
From Wikipedia, the free encyclopedia
რაბატი (არაბ. الرباط, ფრანგ. Ville de Rabat; ესპ. Ciudad de Rabat) — მაროკოს სამეფოს დედაქალაქი და სიდიდით ქვეყნის მეშვიდე უმსხვილესი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 2014 წლის აღწერით 577 827 ადამიანს შეადგენს. რაბატი ასევე წარმოადგენს რაბატ-სალე-კენისტრას ადმინისტრაციული რეგიონის დედაქალაქსაც. ქალაქი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს მდინარე ბოუ რეგრეგის შესართავთან, ქალაქ სალეს საპირისპირო მხარეს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რაბატი არაბ. الرباط | |||||
| |||||
ქვეყანა | მაროკო | ||||
კოორდინატები | 34°02′00″ ჩ. გ. 6°50′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Fatiha El Moudni | ||||
დაარსდა | 1146 | ||||
ფართობი | 117 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 135±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||||
მოსახლეობა | 577 827 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 4900 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 537 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000–10220 | ||||
ოფიციალური საიტი | rabat.ma | ||||
რაბატი XII საუკუნეში იქნა დაარსებული ალმოჰადების მიერ როგორც სამხედრო ქალაქი, რომლებიც იმ დროისათვის ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. ქალაქი მუდმივად ვითარდებოდა, ვიდრე ამას ალმოჰადების სახალიფოს დაცემა და რაბატის დიდი ხნით დაკნინება მოჰყვებოდა. XVII საუკუნეში რაბატი ბარბარელი მეკობრეების თავშესაფრად იქცა. 1912 წელს საფრანგეთმა მაროკოში პროტექტორატი გამოაცხადა და ქალაქი მის ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია, თავად მაროკომ კი დამოუკიდებლობას 1955 წელს მიაღწია და რაბატიც სწორედ მაშინ გამოცხადდა მის დედაქალაქად.
რაბატი, ტემარა და სალე ერთად 1.8 მილიონიან აგლომერაციას აყალიბებენ. მაროკოს ძირითადი ქალაქები ერთმანეთს რკინიგზის საშუალებით უკავშირდებიან, თავად დედაქალაქში კი არის რაბატ-სალეს სახელით ცნობილი აეროპორტი. ლამთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეამცირა დედაქალაქის როლი ქალაქში არსებულ პორტთან მიმართებაში, თუმცა რაბატი და სალე მაინც რჩებიან მნიშვნელოვან ქალაქებად ტექსტილის, მრეწველობის და მშენებლობის ინდუსტრიული კუთხით. ამას გარდა, ტურიზმი და დედაქალაქში თავმოყრილი საელჩოების არსებობა რაბატს ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად აქცევს. მაროკოს დედაქალაქს CNN-მა 2013 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ ''TOP სამოგზაურო ადგილებს'' შორის მეორე ადგილი მიანიჭა. ქალაქი მაროკოს ოთხი იმპერიული ქალაქიდან ერთ-ერთია, მისი მედინა კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.