რუანდის გენოციდი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუანდის გენოციდი — მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში (რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში, გერმანიის ყოფილი კოლონია), რომლის დროსაც 100 დღის განმავლობაში, 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800 000-დან 1 071 000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.
ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.
1993 წლის ოქტომბერში გაერომ დააარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო, ტანზანიის ქალაქ არუშაში. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს. გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. გაეროს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო რომეო დალერი.
გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები ჰუტუს დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.
გენოციდი დასრულდა როდესაც ტუტსის ტომის დაჯგუფებამ, რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურუნდის სამოქალაქო ომი.