ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა
ქიმიურ ელემენტთა რიგი ატომური მასის მიხედვით / From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, დიმიტრი მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემა, ქიმიური ელემენტების კლასიფიკაცია — მენდელეევის მიერ 1869 წლის 1 მარტს აღმოჩენილი პერიოდულობის კანონის გრაფიკული ასახვა.
სისტემას არაფორმალურად „მენდელეევის ცხრილს“, „პერიოდულობის სისტემას“ ან უბრალოდ „პერიოდულ სისტემას“ უწოდებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ სახელი „პერიოდულობის სისტემა“ გაუმართლებელია როგორც ქიმიური, ასევე გრამატიკული თვალსაზრისითაც. არსებობს ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის წარმოსახვის რამდენიმე სახე. მათ შორის ყველაზე უფრო გამოყენებულია გაშლილი და შემჭიდროებული ცხრილები.
ელემენტთა პერიოდული სისტემაში ქიმიური ელემენტები დალაგებულია ატომური ნომრის (და არა ატომური მასის) მიხედვით, რაც ბუნებრივად აიხსნება ატომის აგებულებაზე არსებული თანამედროვე შეხედულებებით: ატომური ნომერი ელემენტთა პერიოდული სისტემაში აჩვენებს ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას და, შესაბამისად, ელექტრონების რაოდენობას ნეიტრალური ატომის ელექტრონულ გარსში, რაც განაპირობებს ელემენტის ქიმიურ თვისებებს. თანამედროვე ელემენტთა პერიოდული სისტემაში ერთი ქიმიური ელემენტის სახით გაერთიანებულია იზოტოპები, რომლეებიც განსხვავდება ერთმანეთისგან ატომის ბირთვში ნეიტრონების რაოდენობით და, ელექტრონულ გარსში ელექტრონთა ერთნაირი რაოდენობის მიუხედავად, აქვს განსხვავებული ატომური მასა.