ქირურგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქირურგია (ბერძნ. χειρουργική - cheirourgikē, cheir ხელი და ergon მუშაობა) — მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა უპირატესად ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს. საქართველოში ეწოდებოდა - დასტაქრობა.
პირველი გამაყუჩებლის - ეთერის, ქლოროფორმისა და აზოტის ქვეჟანგის გამოყენება მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დაიწყეს, მას შემდეგ ქირურგია ძალზედ განვითარდა. დღეს, სანამ ოპერაცია დაიწყება, პაციენტს ჯერ მოსადუნებელ წამალს აძლევენ, შემდეგ კი საანესთეზიო საშუალებას, რის შემდეგაც პაციენტი იძინებს ან უგუნო მდგომარეობაში ვარდება.
ზოგიერთი ოპერაციის დროს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გულთან აქვთ, პაციენტის მთელ სხეულს ყინულით აცივებენ. სხეულის ტემპერატურის დაცემა სხეულის ყველა სისტემის მოქმედების შენელებას იწვევს, რის შედეგადაც მცირდება სისხლის ან ჟანგბადის ნაკლებობით ტვინის დაზიანების რისკი.