ჰიპოთეზა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიპოთეზა (ძველ ბერძ. ὑπόθεσις – ვარაუდი) — მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად და მოითხოვს დამოწმებას.
ჰიპოთეზის საშუალებით, გარკვეული ფაქტების საფუძველზე, კეთდება დასკვნა ცალკეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზის შესახებ. ჰიპოთეზას ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ განსხვავებით აქსიომისა და პოსტულატისგან საჭიროა მისი შემოწმება და დასაბუთება. როგორც წესი, ჰიპოთეზა გამოითქმება მის დამადასტურებელ მთელი რიგი დაკვირვებების საფუძველზე. ჰიპოთეზას შემდგომში ან საბოლოოდ ამტკიცებენ და მას იღებენ როგორც დადგენილ ფაქტს (იხ. თეორემა, თეორია), ან უარყოფენ (მიუთითებენ კონტრმაგალითზე) გადაიქცევა რა მცდარ მტკიცებულებად.
დაუმტკიცებელ და არაუარყოფილ ჰიპოთეზას უწოდებენ ღია პრობლემას.
ჰიპოთეზა დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა-ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
ჰიპოთეზებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ემპირიულ მეცნიერებებში. ჰიპოთეზა არის ვარაუდი ფაქტების ორ ჯგუფს შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ.
სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის დაგეგმვას, კვლევის მეთოდების სწორ შერჩევას, მთელი პროცესის ორგანიზებას.
სოციოლოგიურ გამოკვლევებში ჰიპოთეზა წარმოადგენს დასაბუთებულ ვარაუდს შესასწავლი სოციალური ობიექტების, მათი სტრუქტურის, თავისებურებების, სოციალურ მოვლენებს შორის არსებული კავშირების არსისა და ხასიათის, ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ.