მაიკლ კერიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიკლ კერიკი (ინგლ. Michael Carrick; დ. 28 ივლისი, 1981) — ინგლისელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. 2011 წლის აპრილის მონაცემებით, ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული აქვს 300-ზე მეტი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე — 50 შეხვედრა. კერიკი უმთავრესად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.[3]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მაიკლ კერიკი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მაიკლ კერიკი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მაიკლ კერიკი[1] | ||
დაბადების თარიღი | 28 ივლისი, 1981 (1981-07-28) (42 წლის)[1] | ||
დაბადების ადგილი |
უოლჰემი, ტაინი და უირი, | ||
სიმაღლე | 188[2] | ||
სათამაშო პოზიცია | დაცვითი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 16 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1986–1997 | უოლსენდ ბოისი | ||
1997–1998 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2004 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 136 | (6) |
1999 | → სუინდონი | 6 | (2) |
2000 | → ბირმინგემი | 2 | (0) |
2004–2006 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 64 | (2) |
2006– | მანჩესტერ იუნაიტედი | 314 | (17) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2000 | ინგლისი 18 წლ. | 4 | (0) |
2000–2003 | ინგლისი 21 წლ. | 14 | (2) |
2006 | ინგლისი B | 1 | (0) |
2001– | ინგლისი | 34 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 მაისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23:47, 13 ნოემბერი, 2015 |
კერიკმა კარიერა „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაიწყო. 1997 წელს შეუერთდა ახალგაზრდულ გუნდს და ორი წლის შემდეგ ინგლისის ახალგაზრდული საფეხბურთო თასი მოიგო. სადებიუტო სეზონში ორჯერ იყო განათხოვრებული „სუინდონ ტაუნში“ და „ბირმინგემ სიტიში“, სანამ 2000-01 წლების სეზონში ძირითად გუნდში გადაიყვანდნენ. 2002-2003 წლების სეზონში დასახელებულ იქნა ინგლისის პირველი დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ. ვესტ ჰემის შემადგენლობაში მან 150-ჯერ ითამაშა. 2004 წელს „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ მიაშურა. წარუმატებელი გამოდგა მისი ასპარეზობა „ტოტენჰემში“, 75 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ გაიტანა. 2006 წელს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
დებიუტიდან მოყოლებული, ის „მანჩესტერის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. მან კლუბის მაისურით პირველ სეზონში 50-ჯერ ითამაშა. ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში 2006-07 წლების სეზონში, როდესაც მანჩესტერმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო. კერიკმა 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 120 წუთი ითამაშა „ჩელსის“ წინააღმდეგ, რომელშიც „მანჩესტერმა“ 6-5 მოიგო პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1-1 დასრულდა). მან ასევე ითამაშა 2008-09 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც მისი გუნდი „ბარსელონასთან“ დამარცხდა. კერიკმა „ინგლისის ლიგის თასის“ მედალი „მანჩესტერთან“ ერთად მოიგო 2009 წელს პირველად.
კერიკს ნათამაშები აქვს ინგლისის 18-წლამდელთა, 21-წლამდელთა, B და ეროვნულ ნაკრებებში. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2001 წელს შედგა და მას შემდეგ 22 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით, ნაკრების მაისურით გოლი გატანილი არ აქვს. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ხშირად კონკურენციას ვერ უწევდა სტივენ ჯერარდს, ფრენკ ლამპარდს, გარეტ ბერის და უკანასკნელ ხანებში, მის პოზიციაზე სკოტ პარკერი თამაშობდა. კერიკი ასევე თამაშობდა 2006 და 2010 წლების მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში. პირველ გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე, ის ერთ მატჩში გამოჩნდა, მაგრამ უკანასკნელ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთი წუთიც ვერ ითამაშა.