მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)
ბიზანტიის დედოფალი / From Wikipedia, the free encyclopedia
მარიამი, აგრეთვე ცნობილია როგორც მართა (ბერძ. Μαρία της Αλανίας, Μάρθα; დ. 1050, საქართველო — გ. 1118, ბიზანტია) — ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ისა და დედოფალ ბორენას ქალიშვილი. ბიზანტიის ორგზის დედოფალი 1071-1081 წლებში ჯერ როგორც იმპერატორ მიხეილ VII-ის, ხოლო შემდგომში როგორც ნიკიფორე III-ის მეუღლე. მეფე დავით IV აღმაშენებლის მამიდა. XI საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის ერთადერთი არაბიზანტიური წარმოშობის დედოფალი.[1]
მარიამი | |
---|---|
ბიზანტიის კონსორტ-დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 მაისი, 1071 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1081 |
წინამორბედი: | ევდოკია მაკრემბოლიტისა |
მემკვიდრე: | ირენე დუკაინა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1050 |
დაბ. ადგილი: | საქართველოს სამეფო |
გარდ. თარიღი: | 1118, (68 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბიზანტიის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | თრაკია, საბერძნეთი |
მეუღლე: |
მიხეილ VII, ბიზანტიის იმპერატორი (ქ. 1065 - განქ. 1078) ნიკიფორე III, ბიზანტიის იმპერატორი (ქ. 1078 - გარდ. 1081) |
შვილები: | კონსტანტინე დუკასი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ IV, საქართველოს მეფე |
დედა: | ბორენა |
რელიგია: | მართლმადიდებლობა |
მართა XI საუკუნის მსოფლიოს უძლიერეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალადაა აღიარებული. იგი თავიდანვე ემზადებოდა ბიზანტიაში გასათხოვებლად, რის გამოც იგი ჯერ კიდევ 1056 წელს დედოფალ თეოდორას სამეფო კარზე ჩავიდა, განათლების მისაღებად, თუმცა თეოდორა მალევე გარდაიცვალა და მართაც უკან დაბრუნდა.[2] ამის შემდეგ, სულ ცხრა წელიწადში, 1065 წელს მართა ცოლად გაჰყვა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X-ის ვაჟ მიხეილს, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი შვილი. მართას შთაგონებით, მიხეილმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო[3] და 1071 წელს იმპერატორი ხდება მიხეილ VII-ის სახელით, მართა კი ბიზანტიის დედოფლად გვევლინება, რა დროსაც მას სახელად მარიამი ეწოდა.
ტახტზე ასვლიდან სულ შვიდ წელიწადში, 1078 წელს კვლავ მარიამის მონაწილეობით მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება, რა დროსაც დაამხეს მიხეილის მმართველობა და ტახტზე ნიკიფორე III ავიდა. მარიამი ნიკიფორეს გაჰყვა ცოლად, მიხეილი კი მონასტერში გამოკეტეს. მარიამი მასზე ქორწინებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, თუ იგი მის ვაჟს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, თუმცა ნიკიფორემ სიტყვა გატეხა, რის გამოც დედოფალმა მხარი დაუჭირა ძმებ კომნენოსებს, რომლებმაც მარიამთან ერთად კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.1081 წელს მათ დაამხეს ნიკიფორე III-ის მეფობა და ტახტზე ალექსი კომნენოსი ადის.[4] ამის შემდეგ ალექსიმ მარიამის ვაჟი თანამმართველად დაინიშნა. მიუხედავად ამისა, დედოფალი ვაჟის ტახტზე ასაყვანად ბრძოლას კვლავ განაგრძობდა,[5] თუმცა მისი ვაჟი 1096 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მარიამი ჩამოსცილდა პოლიტიკასა და ინტრიგებს.[6]
მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, მარიამი აქტიურად ეხმარებოდა თავის სამშობლოს კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ მან შთააგონა 1104 წელს თავის ძმისწულს, საქართველოს მეფე დავით IV-ს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება. მისივე რჩევით დააარსა დავით მეფემ იყალთოსა და გელათის აკადემიები. საუკეთესო მოსწავლეები კი სწორედ მარიამის დახმარებით აღმაშენებელს უცხოეთში გაჰყავდა, რათა მიეღოთ საუკეთესო ბიზანტიური განათლება და შემდეგ ისევ სამეფოს სამსახურში აბრუნებდა უკან. გარდა ამისა, იგი ეხმარებოდა იერუსალიმის წმინდა მიწასა და ათონის მთაზე მცხოვრებ სასულიერო მოღვაწეებს. მან დააარსა პეტრიწონის ქართული სავანე. მარიამმა დავით IV-ს გელათის სამეფო აკადემიისათვის გაუგზავნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან ასწავლა ბიზანტიელებს ჩანგლის გამოყენება.