ნობელის პრემია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემია (შვედ. Nobelpriset [nʊˈbɛ̂lːˌpriːsɛt]; ნორვ. Nobelprisen) — ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოვებენ ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშნელოვანი მიღწევებისთვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. 1895 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა საფუძველი ჩაუყარა ნობელის პრემიის დაარსებას.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
1901 წელს პრემია პირველად გაიცა: ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიკის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში. დღესდღეობით კი, ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.[1]
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია ნობელის პრემიას გასცემს ქიმიისა და ფიზიკის დარგებში. შვედეთის ცენტრალური ბანკი, რიკსბანკი კი ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში. ასევე, ნობელის პრემია გაიცემა კაროლინსკას ინსტიტუტის მიერ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ხოლო, შვედეთის აკადემია პრემიას გასცემს ლიტერატურის დარგში. ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ჯილდოს გასცემს მშვიდობის დარგში.
1901-2019 წლებში, ნობელის პრემია გაიცა 597-ჯერ, 950 პირსა და ორგანიზაციაზე.[2] თუმცა, პრემიას რამდენჯერმე ერთი და იგივე გამარჯვებული ჰყავდა, რის გამოც დაჯილდოებულ ინდივიდუალურ პირთა რაოდენობა შეადგენს 908-ს, ხოლო ორგანიზაციათა რაოდენობა - 27-ს. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია იმართება სტოკჰოლმში, შვედეთში, გარდა მშვიდობის დარგში დაჯილდოებისა, რომელსაც მასპინძლობს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო.
თითოეული გამარჯვებული, რომელიც იწოდება ლაურეატად, ჯილდოვდება ოქროს მედლით, დიპლომითა და თანხით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ნობელის ფონდის მიერ (2020 წლისთვის ეს თანხა შეადგენს 9,000,000 შვედურ კრონს, რაც დაახლოებით არის 935,366 ამერიკული დოლარი და 848,678 ევრო).
ნობელის პრემია არ ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის დაჯილდოებას, თუმცა თუ პიროვნება გარდაიცვლება ლაურეატად გამოცხადების შემდეგ, პრიზის მიღებამდე, ასეთ შემთხვევაში, პრიზი კვლავ მის საკუთრებად ითვლება. ნობელის პრემია არ შეიძლება გადაეცეს სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, მსგავსი შეზღუდვა არ მოქმედებს ორგანიზაციის ლაურეატად დასახელებისას.[3]