ფილიპინები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპინები (ტაგალ. Pilipinas, ინგლ. the Philippines, ესპ. Filipinas), ოფიციალურად ფილიპინების რესპუბლიკა (ტაგალ. Republika ng Pilipinas, ინგლ. Republic of the Philippines, ესპ. República de Filipinas) — სუვერენული, კუნძულოვანი სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ქვეყანა შედგება 7 107 კუნძულისაგან, რომლებიც სამ ძირითად გეოგრაფიულ ჯგუფად იყოფა: ლუსონი, ვისაიასი და მინდანაო. დედაქალაქია მანილა, მოსახლეობის მიხედვით კი უდიდესი ქალაქია კენსონ-სიტი, ორივე მათგანი მანილის მეტროპოლისის შემადგენლობაში შედის.[4]
ფილიპინების რესპუბლიკა Repúbliká ng̃ Pilipinas Republic of the Philippines ფილიპინები |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Maka-Diyos, Makatao, Makakalikasan, at Makabansa (ინგლ. „For God, People, Nature and Country“) ღმერთის, ხალხის, ბუნებისა და ქვეყნისათვის |
||||||
ჰიმნი: Lupang Hinirang |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი | მანილა 14°35′ ჩ. გ. 121°00′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | კენსონ-სიტი 14°38′ ჩ. გ. 121°02′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფილიპინური, ინგლისური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | როდრიგო დუტერტე | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ლენი რობრედო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 300 000 კმ2 (73-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.61[1] | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 102 459 400 (მე-12) | ||||
- | 2010 აღწერა | 92 337 852 | ||||
- | სიმჭიდროვე | 341,5 კაცი/კმ2 (43-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2015 შეფასებით | |||||
- | სულ | $751.770 მილიარდი[2] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $7,412[2] | ||||
აგი (2013) | 0.660[3] (საშუალო) (117-ე) | |||||
ვალუტა | პესო (PHP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+08:00 | |||||
ქვეყნის კოდი | PHL | |||||
Internet TLD | .ph | |||||
სატელეფონო კოდი | 63 |
ფილიპინები, ჩრდილოეთით, ტაივანისაგან ლუსონის სრუტითაა გამოყოფილი; დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვა საზღვრავს ვიეტნამისაგან; სამხრეთ-დასავლეთით სულუს ზღვა გამოყოფს კუნძულ კალიმანტანის მალაიზიური ნაწილისაგან; სამხრეთით ინდონეზიის კუნძულებისაგან სულავესის ზღვითაა გამოყოფილი, ხოლო აღმოსავლეთით კუნძულ-სახელმწიფო პალაუსაგან საზღვრავს ფილიპინების ზღვა. წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალზე მდებარეობისა და ეკვატორთან სიახლოვის გამო, ფილიპინებისათვის დამახასიათებელია მიწისძვრა და ტაიფუნი, თუმცა ეს, ასევე, განაპირობებს ქვეყანაში უხვი ბუნებრივი რესურსებისა და მსოფლიო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნების არსებობას. დაახლოებით 300 000 კმ² ფართობით ფილიპინები მსოფლიოში 72-ე ადგილს იკავებს.[5]
დაახლოებით 100 მილიონიანი მოსახლეობით[6][7] ქვეყანას აზიაში მე-7, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია. 12 მილიონი ფილიპინელი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დიასპორას ქმნის. ფილიპინები მრავალეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა. პრეისტორიულ ხანაში არქიპელაგზე ერთ-ერთი პირველი ნეგრიტოს ხალხი დასახლდა, რომელსაც ავსტრონეზიელი ხალხების მიგრაციული ტალღები მოჰყვა.[8] ჩინურ, მალაიურ, ინდურ და ისლამურ სახელმწიფოებთან ურთიერთობის შემდეგ ჩამოყალიბდა მრავალი ქვეყანა დატუების, რაჯების, სულთნებისა და ლაკანების მმართველობის ქვეშ.
1521 წელს აღმოსავლეთ სამარში, კუნძულ ჰომონჰონზე, ფერნანდო მაგელანის გამოჩენით აღინიშნა ესპანური კოლონიზაციის დასაწყისი. 1543 წელს ესპანელმა მკვლევარმა, რუი ლოპეს დე ვილიალობოსმა არქიპელაგს მეფე ფილიპე II-ის პატივსაცემად ლას ისლას ფილიპინასი (Las Islas Filipinas) უწოდა. 1565 წელს მეხიკოდან მიგელ ლოპეს დე ლეგასპის ჩამოსვლის შემდეგ, ფილიპინებზე დაარსდა პირველი ესპანური დასახლება.[9] არქიპელაგი ესპანეთის იმპერიის ნაწილი გახდა და მის შემადგენლობაში რჩებოდა 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რის შედეგადაც კათოლიციზმი ქვეყანაში დომინანტი რელიგია გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში მანილა აზიისა და ამერიკის დამაკავშირებელი მანილა-აკაპულკოს ტრანსწყნაროკეანური ვაჭრობის დასავლეთი ცენტრი გახდა.[10]
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ ფილიპინების რევოლუცია, მის შედეგად წარმოქმნილი ხანმოკლე ფილიპინების პირველი რესპუბლიკა და ფილიპინებ-ამერიკის ომი.[11] იაპონური ოკუპაციის გამოკლებით, აშშ 1945 წლამდე ინარჩუნებდა სუვერენიტეტს არქიპელაგზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფილიპინები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს. აქედან მოყოლებული ქვეყანას ხშირად ჰქონია დემოკრატიის მშენებლობის ხმაურიანი გამოცდილება, რომელიც არაძალადობრივი რევოლუციის შედეგად დიქტატურის დამხობასაც მოიცავდა.[12]
დიდი მოსახლეობისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო ფილიპინები მსოფლიო პოლიტიკაში საშუალო ძალადაა მიჩნეული. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, აზიურ-წყნაროკეანური ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტის დამფუძნებელი წევრია. იგი, ასევე, მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის შტაბბინას.[13] ფილიპინები ითვლება განვითარებად ბაზრად და ახალინდუსტრიულ ქვეყნად,[14] რომელიც აგროკულტურულ სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკიდან, ძირითადად, მომსახურებასა და წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესშია.[15]