ალჟირული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალჟირული სამზარეულო (არაბ. مطبخ جزائري) — ტრადიციული ალჟირული კერძების ერთობლიობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, სხვა ერებისა და კულტურების ზეგავლენით ჩამოყალიბდა. იგი მდიდარია როგორც ზღვის პროდუქტების, ისე ბოსტნეულისა და ხორცის კერძებით. საუკუნეების განმავლობაში ალჟირის მიწები სხვადასხვა დამპყრობლის ხელში გადადიოდა, რაც მის სამზარეულოზეც აისახა, რომელშიც მძლავდარაა არაბული, ესპანური, ფრანგული, ბერბერული და თურქული გასტრონომიების გავლენა. მიუხედავად ამისა, ალჟირული სამზარეულო ბერბერულზეა დაშენებული და მასში ერთმანეთს ერწყმის აფრიკული და ხმელთაშუა ზღვისპირული კულინარია.
ალჟირის სამზარეულო ერთობ მრავალფეროვანია რეგიონალური და სეზონური კერძებით. ალჟირული კერძების უმეტესობა მზადდება ხორცის, ბოსტნეულის, ზეითუნის ზეთის, მწვანილებისა და პურის გამოყენებით. ბოსტნეულს სალათების გარდა ხშირად იყენებენ წვნიანებშიც. ყველაზე ცნობილი ალჟირული კერძი კი მაინც კუსკუსია, რომელიც მის ეროვნულ კერძადაა აღიარებული.
ვინაიდან ალჟირში შარიათის კანონი მოქმედებს, საჭმელებში ღორის ხორცის გამოყენება იკრძალება და შესაბამისად მას ვერცერთ საჭმელში ვერ შეხვდებით.