ფრანგული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანგული სამზარეულო — კულინარიის სტილი, რომელიც საფრანგეთიდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში გაჩნდა გიიომ ტირელი, უკეთ ცნობილი, როგორც ტაივენი. საფრანგეთის რევოლუციის ეპოქაში შემცირდა სანელებლების გამოყენება, სამაგიეროდ გაიზარდა მწვანილეულობის რაოდენობა და დაიხვეწა ტექნიკა, დაწყებული ფრანსუა-პიერ ლა ვარენითა, ხოლო შემდგომში დამუშავებული ნაპოლეონის განთქმული შეფი მარი-ანტუან კარემისა და სხვა გამოჩენილი მზარეულების მიერ.
XX საუკუნეში ჟორჟ-ოგიუსტ ესკოფიეს მიერ დეტალურად აღწერილი ფრანგული სამზარეულო ოტ-კუიზინის თანამედროვე ვერსია გახდა. თუმცა ესკოფიეს ამ მნიშვნელოვან ნამუშევარში არ გამოჩნდა რეგიონული ხასიათი, დამახასიათებელი საფრანგეთის პროვინციებისთვის. შემდგომში განვითარებულმა გასტროტურიზმმა და მიშლენის მეგზურმა (Guide Michelin) საშუალება მისცა ხალხს გაცნობოდა პროვინციებს და გაესინჯა საფრანგეთის მდიდარი ბურჟუაზიული და გლეხური სამზარეულო.
ინგრედიენტები და კერძები განსხვავდება რეგიონების მიხედვით. არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეგიონული კერძი, რომელიც შემდგომში ეროვნული გახდა. მრავალი კერძი, რომელიც ერთ დროს რეგიონული იყო, დროთა განმავლობაში მრავალი ვარიაციით მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ყველი და ღვინო სამზარეულოს მთავარი ნაწილია და განსხვავებულ როლს თამაშობს რეგიონულად და ქვეყნის მასშტაბით მრავალი ვარიაციით და აპელაციის რეგულირების კანონებით (appellation d'origine contrôlée).