საფრანგეთის რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის რევოლუცია (ფრანგ. Révolution française; 1789—1799) — გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში — აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.
საფრანგეთის რევოლუცია | |
---|---|
ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789 | |
მონაწილეები | საფრანგეთის საზოგადოება |
მდებარეობა | საფრანგეთი |
თარიღი | 1789—1799 |
შედეგი | საფრანგეთის მონარქიის შეცვლა რადიკალური დემოკრატიული მონარქიით. |
საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა“ გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და ტანჯული გზა განვლო.
1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პირველი რესპუბლიკა შეიქმნა. ახალდაბადებულ რესპუბლიკას მაშინვე უამრავი მტერი გამოუჩნდა. სხვა იმპერიები შიშობდნენ, რომ მონარქიას საფრთხე მათთანაც დაემუქრებოდა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა (რუსეთის ჩათვლით) ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა.
რესპუბლიკას სათავეში იაკობინური კაბინეტი ჩაუდგა. იაკობინთა ლიდერმა მაქსიმილიან რობესპიერმა მოახერხა ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება ევროპულ-მონარქიულ სახელმწიფოთა ინტერვენციაზე. მისმა რეფორმებმა გააძლიერა ქვეყანა და საფრანგეთს მილიონიანი არმია დაუტოვა. მათ დროს დაწინაურდა ნიჭიერი სამხედრო სტრატეგოსი ნაპოლეონ ბონაპარტი. ბონაპარტი გახდა რობერსპიერის მისიის გამგრძელებელი. მან დაამხო იაკობინელთა შემდგომ დამყარებული თერმიდორული მმართველობა და რობერსპიერის მიერ მობილიზირებული მილიტარისტული რესურსი წარმატებით გამოიყენა.
საფრანგეთის რევოლუციის შეფასებები არაერთგვაროვანია. ვიწრო გაგებით, რევოლუციაში იგულისხმება 1789–1799 წლების მოვლენები, ფართო გაგებით მას ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის პერიოდსაც მიაკუთვნებენ (1799–1815).
არაერთმნიშვნელოვანია ასევე საკუთრივ რევოლუციური პროცესის შეფასებები. ხშირად აღნიშნავენ, რომ რევოლუციამ მოიტანა როგორც თავისუფლება, ისე ტერორიც, დასაბამი მისცა არა მხოლოდ დემოკრატიულ ეროვნულ სახელმწიფოს, არამედ წარმოშვა სახელმწიფოს ტოტალიტარული ფორმაც იაკობინელთა მმართველობის ფაზაში (1793–1794). დავის საგანია ისიც, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საფრანგეთის დიდ რევოლუციას — როგორც ერთიან რევოლუციურ პროცესს, ერთ რევოლუციას, თუ საქმე გვაქვს რამდენიმე რევოლუციასთან.